ანჯეი დუდა რადაში სიტყვით გამოვიდა - დროა, დაიდოს ახალი ხელშეკრულება უკრაინასთან კეთილმეზობლობის შესახებ
ანჯეი დუდა რადაში სიტყვით გამოვიდა - დროა, დაიდოს ახალი ხელშეკრულება უკრაინასთან კეთილმეზობლობის შესახებ

ვარშავისა და კიევის მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის პირობებში, უკრაინასა და პოლონეთს შორის კეთილმეზობლობის შესახებ ახალი შეთანხმების ხელმოწერის დრო დადგა, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ანჯეი დუდას უმაღლეს რადაში დეპუტატები ოვაციებით შეხვდნენ.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დროა, დაიდოს კეთილმეზობლობის შესახებ ახალი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს იმას, რაც ჩვენ ავაშენეთ ჩვენს ურთიერთობებში, სულ მცირე, ბოლო თვეებში“, – განაცხადა დუდამ სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, რუსეთის აგრესიამ აჩვენა, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის საგზაო, სარკინიგზო და ინფრასტრუქტურული კომუნიკაციების ქსელი არასაკმარისია. აქვე მან დაამატა, რომ აუცილებელია აღნიშნულის ანაზღაურება და პოლონეთ-უკრაინის საზღვარი უნდა გაერთიანდეს და არა გაიყოს.

დუდას განცხადებით, სწრაფი სარკინიგზო კავშირი კიევსა და ვარშავას შორის უნდა იყოს პოლონეთ-უკრაინის კარგი ურთიერთობების ნიშანი.

„ჩვენ ამას ერთად ავაშენებთ. მკაფიოდ მინდა ვთქვა, მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება, გადაწყვიტოს თავისი მომავალი. მხოლოდ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს თავად. მსოფლიომ, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მოსთხოვოს რუსეთს, შეწყვიტოს აგრესია და მთლიანად დატოვოს უკრაინა, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის ხელყოფა. უკრაინის ზურგს უკან მოლაპარაკება და გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება. არაფერი შენზე შენს გარეშე. ეს არის რკინის პრინციპი“, – აღნიშნა პოლონელმა ლიდერმა.

საკანონმდებლო ორგანოში ასევე იმყოფებიან უკრაინის პრეზიდენტი და ხელისუფლების წარმომადგენლები.

უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პოლონეთს გაწეული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში შემოღებული იქნება კანონპროექტი „უკრაინაში პოლონეთის მოქალაქეების სპეციალური სამართლებრივი სტატუსის შესახებ“.

დღესვე, ანჯეი დუდასა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. ასევე, გაიმართება მოლაპარაკებები ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის. ანჯეი დუდა უკრაინას ბოლოს აპრილის შუა რიცხვებში ეწვია, როდესაც ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ბუჩა, ირპინი და ბოროდიანკა მოინახულა.

დატოვე კომენტარი