ანჯეი დუდა - პოლონეთის ტერიტორიაზე მეორე რაკეტის ნარჩენები არ აღმოჩნდა, მეორე რაკეტა იყო, თუმცა უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა
ანჯეი დუდა - პოლონეთის ტერიტორიაზე მეორე რაკეტის ნარჩენები არ აღმოჩნდა, მეორე რაკეტა იყო, თუმცა უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე, ფშევოდუვში, მეორე რაკეტის ნამსხვრევები არ აღმოჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია პოლონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ უკრაინის მასირებული დაბომბვის შემდეგ პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა აფეთქდა.

„გამოძიება გრძელდება, ადგილზე ყველა საგამოძიებო მოქმედება უკვე დასრულდა, ახლა მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები. არანაირი ახალი დასკვნები არ ცვლის იმას, რასაც აქამდე ვამბობდი. ჩვენ ველოდებით ექსპერტების დასკვნებს და არ ვერევით პროცესში“, – აღნიშნა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, აფეთქდა ორი რაკეტა, ერთი — პოლონეთის, ხოლო მეორე უკრაინის ტერიტორიაზე.

„თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია ორი რაკეტის შესახებ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლონეთის ტერიტორიაზე მეორე რაკეტის ნარჩენები არ აღმოჩნდა. მეორე რაკეტა 100 პროცენტით იყო, თუმცა არ ჩამოვარდნილა პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა“, – განაცხადა პოლონეთის ლიდერმა.

დუდამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც რუსეთის გამო მოხდა.

15 ნოემბერს პოლონეთში უკრაინის საზღვართან რაკეტის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა.