ანჯეი დუდა - მინდა, გავიხსენო კაჩინსკის 2008 წელს თბილისში ნათქვამი სიტყვები - რუსეთი ფიქრობს, რომ დანგრეული იმპერიის დღეები ბრუნდება, ეს არ მოხდება, გავიმეორებ, დიახ, ის დღეები არასდროს დაბრუნდება
ანჯეი დუდა - მინდა, გავიხსენო კაჩინსკის 2008 წელს თბილისში ნათქვამი სიტყვები - რუსეთი ფიქრობს, რომ დანგრეული იმპერიის დღეები ბრუნდება, ეს არ მოხდება, გავიმეორებ, დიახ, ის დღეები არასდროს დაბრუნდება

მინდა, გავიხსენო კაჩინსკის 2008 წელს თბილისში ნათქვამი სიტყვები: რუსეთი ფიქრობს, რომ დანგრეული იმპერიის დღეები ბრუნდება, ეს არ მოხდება, გავიმეორებ, დიახ, ის დღეები არასდროს დაბრუნდება, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მსოფლიოს სჭირდება მამაცი და შორსმჭვრეტელი ლიდერები.

„ჩვენი ისტორია მტკიცებულებაა იმისა, რომ დანაშაულსა და დევნას არ შეუძლია თავისუფლების ჭეშმარიტი სულისკვეთების ჩახშობა. თავისუფლება გაიმარჯვებს. მონობა, იმპერიალიზმი და ნეოკოლონიალიზმი არის თავისუფლების უარყოფა, ისევე როგორც სხვების დომინირებაზე ოცნებაა სიგიჟე. უკრაინაში ომის წამოწყებისას ვლადიმირ პუტინს სურდა რუსეთის იმპერიის აღდგენა, რათა დაეყო ევროპა და მსოფლიო სისტემატურად დამოკიდებული ჰყოლოდა თავის ნედლეულზე. მან წარუმატებლობა განიცადა. მტკიცედ მჯერა, რომ ის წარმატებას ვერ მიაღწევს.

დღეს მსოფლიოს სჭირდება მამაცი და შორსმჭვრეტელი ლიდერები. ისეთი, როგორიც პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი იყო, რომელთანაც თანამშრომლობის პატივი მე მქონდა. ლიდერი, რომელიც ათობით წლის წინ ცდილობდა, გაეფრთხილებინა პოლიტიკოსები ვლადიმირ პუტინის იმპერიალისტური პოლიტიკის შესახებ. მინდა, გავიხსენო თბილისში პირველად მის მიერ ნათქვამი სიტყვები, საქართველოში 2008 წლის რუსული აგრესიის დროს: „პირველად დიდი ხნის განმავლობაში რუსეთმა აჩვენა სახე, რომელსაც უკვე ასობით წელია, ვიცნობთ. მათ მიაჩნიათ, რომ მათ გარშემო მცხოვრები ერები უნდა დაექვემდებარონ მათ. ჩვენ ვამბობთ არას. რუსეთი ფიქრობს, რომ 20 წელზე მეტი ხნის წინათ დანგრეული იმპერიის დღეები ბრუნდება, რომ დომინირება კვლავ გახდება ჩვენი რეგიონისთვის დამახასიათებელი თვისება. ეს არ მოხდება. ეს დღეები სამუდამოდ დასრულებულია“. დიახ, დღეს, ამ ადგილას, გაერო-ს შტაბბინაში, მინდა, გავიმეორო: დიახ, ის დღეები არასდროს დაბრუნდება. დაპყრობის ლოგიკა, საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლა, კანონის უპატივცემულობა და უკრაინელი ხალხის არსებობის უფლების უარყოფა უნდა შეწყდეს. ეს სასტიკი ომი უნდა შეწყდეს და არ გარდაიქმნას გაყინულ კონფლიქტად. ეს შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის სრული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა დუდამ.