ანჯეი დუდა - ხალხის მიერ არჩეული ყველა ლიდერის მოვალეობაა, რომ უკრაინას მხარი დაუჭიროს
ანჯეი დუდა - ხალხის მიერ არჩეული ყველა ლიდერის მოვალეობაა, რომ უკრაინას მხარი დაუჭიროს

ხალხის მიერ არჩეული ყველა ლიდერის მოვალეობაა, რომ უკრაინას მხარი დაუჭიროს, – ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ უკრაინის დედაქალაქში ვიზიტისას გააკეთა.

დუდა კიევში „ყირიმის პლატფორმის“ კონფერენციაზე დასასწრებად ჩავიდა. ის დღესვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს. ლიდერებმა ერთობლივის პრესკონფერენცია გამართეს.

„როდესაც ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას წარმოადგინოს მთელი ერი, მაშინ მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს ზოგჯერ დაკავშირებულია საფრთხეებთან. ჟურნალისტებო თქვენ გეშინიათ აქ ყოფნის? ამ მოედანზე რომ ხართ? ჩვენ აქ ვართ დღეს, რათა ჩვენმა უკრაინელმა ძმებმა ნახონ, რომ მათ გვერდით ვართ, არა მხოლოდ სულისკვეთებით, არამედ ფიზიკურადაც. პოლონეთის დელეგაცია აქაა და წარმოადგენს პოლონეთის მთავრობას. დღეს ჩვენ ვზეიმობთ უკრაინასთან ერთად და ვაჩვენებთ, რომ უკრაინა თავისუფალია., სუვერენულია, დამოუკიდებელია და იბრძვის. ის იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ის იბრძვის სამართლიანობისა და მშვიდობისთვის მსოფლიოში, რომ საერთაშორისო კანონის უზენაესობა აღდგეს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ხალხის მიერ არჩეულ ყველა ლიდერის მოვალეობაა, რომ ამ იდეას დაუჭიროს მხარი. დაუჭიროს მხარი სახელმწიფოს, რომელიც ამ იდეას იცავს. სწორედ ამიტომ ვარ დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით, ჩვენს უკრაინელ ძმებთან, მეგობრებთან“, – განაცხადა პოლონეთის ლიდერმა.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ „რუსეთის მხრიდან ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში, უკრაინა ძლიერ პასუხს გასცემს“.

შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ აქვს ინფორმაცია რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ დაგეგმილი დარტყმების შესახებ, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღის პერიოდშია მოსალოდნელი. უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავს.