ანჯეი დუდა მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომის 24 საათში დასრულების შესახებ დაპირებას შეასრულებს
ანჯეი დუდა მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომის 24 საათში დასრულების შესახებ დაპირებას შეასრულებს

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი შეასრულებს დაპირებას უკრაინაში მიმდინარე ომის 24 საათში დასრულების შესახებ. ამის შესახებ ანჯეი დუდამ რუანდაში ვიზიტის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა ანჯეი დუდას კითხვა დაუსვეს დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „აშშ-ის პრეზიდენტი თუ კვლავ გახდება, ის უკრაინაში მიმდინარე ომს 24 საათში დაასრულებს“.

„ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც პრეზიდენტმა, რომელიც მუშაობდა პრეზიდენტ ტრამპთან, შემიძლია ვთქვა, რომ ის, რისი პირობაც მან მომცა, შესრულდა. მე თუ მივიღე რამე დაპირება ტრამპისგან, ეს ყველაფერი შესრულდა“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, დუდამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ტრამპი ყველაფერში სერიოზულია, რასაც ამბობს“.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას, პირობა დადო, რომ „ძალიან სწრაფად“ მოაგვარებს ვითარებას უკრაინის ომთან დაკავშირებით. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ განზრახვას „ძალიან სახიფათო“ უწოდა.