ანიტა ჰიპერი - გრძელდება შემდგომი დისკუსიები სანქციების შესახებ იმ პირთა მიმართ, ვინც პასუხისმგებელია „ქართული ოცნების“ მხრიდან დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე
ანიტა ჰიპერი - გრძელდება შემდგომი დისკუსიები სანქციების შესახებ იმ პირთა მიმართ, ვინც პასუხისმგებელია „ქართული ოცნების“ მხრიდან დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე

„ქართულმა ოცნებას“ აქვს თანმიმდევრული კურსი რეპრესიული რეჟიმისკენ, მომიტინგეების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ყველა თავისუფალი ხმის წინააღმდეგ, ვინც დემოკრატიას ითხოვს, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა.

ანიტა ჰიპერს კითხვა დაუსვეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას ეხება.

როგორც ჰიპერმა აღნიშნა, გრძელდება შემდგომი დისკუსიები სანქციების შესახებ იმ პირთა მიმართ, ვინც პასუხისმგებელია „ქართული ოცნების“ მხრიდან დემოკრატიულ უკუსვლაზე.

„სამწუხაროდ, ის რაც თქვენ ახსენეთ, არის ნაწილი ძალიან სამწუხარო, თანმიმდევრული კურსისა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია რეპრესიული რეჟიმისკენ; მომიტინგეების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ყველა თავისუფალი ხმის წინააღმდეგ, ვინც დემოკრატიას ითხოვს. ის, რაც ჩვენ აქამდე გავაკეთეთ, არის თანმიმდევრული რეაგირება. ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები, მაგრამ ასევე შევაჩერეთ პირდაპირი დახმარება ქართული ხელისუფლებისთვის, რომელიც აღემატება 120 მილიონს. ჩვენ ასევე შევაჩერეთ 30-მილიონიანი მხარდაჭერის ღონისძიებები ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით.  2025 წელს შემდგომი მხარდაჭერაც არ დაგეგმილა. ეს მხოლოდ რამდენიმე პუნქტია. რა თქმა უნდა, შიდა საქმეთა მხრივ საბჭომ შეაჩერა უვიზო მოგზაურობა ქართველი დიპლომატების, ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახების წევრებისთვის, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები. გრძელდება შემდგომი დისკუსიები სანქციების შესახებ იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია „ქართული ოცნების“ მხრიდან დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე“, – განაცხადა ჰიპერმა.