ანი წითლიძე - ნიკა მელიას გადაყენება არ იგეგმება, პარტიაში ცვლილებების საკითხი არ დგას, რაც ახლა ხდება, შიდადაპირისპირება არ არის და ამით აპელირება შეცდომაა 
ანი წითლიძე - ნიკა მელიას გადაყენება არ იგეგმება, პარტიაში ცვლილებების საკითხი არ დგას, რაც ახლა ხდება, შიდადაპირისპირება არ არის და ამით აპელირება შეცდომაა 

ნიკა მელიას გადაყენება არ იგეგმება და თუ ეს საკითხი დადგება, რომელიც არ დგას, ამას გადაწყვეტს პარტია, პარტიის პოლიტსაბჭო, რეგიონული და რაიონული ორგანიზაციები და არა სამოქალაქო აქტივისტები ან ადამიანები, რომლებიც არ არიან პარტიის წევრები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არსებობენ კლანის წევრები, პარტიაში არსებობს განსხვავებული შეხედულებები.

ამასთან, როგორც ანი წითლიძე ამბობს, მოუწოდებს ადამიანებს, ვინც ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყოს შიდაარეულობა, ფოკუსი გადაიტანონ სხვა პრობლემაზე.

„მინდა, მოვუწოდო ყველას, ვინც ახლა ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყოს შიდაარეულობა, რომ გაასწორონ ფოკუსი და ამ ფოკუსის სამიზნე არ არის ნიკა მელია. ფოკუსის სამიზნე უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი, რადგან ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი. ათი წლის განმავლობაში ამ პარტიამ გამოიარა ბევრი და მას ჰყავს წევრები, რომლებიც შიდაარჩევნებით გამჭვირვალედ და ღიად ირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს, გენერალურ მდივანს და პოლიტსაბჭოს. თუ პარტიის წევრებს ექნებათ პრობლემა ან კითხვა რომელიმე არჩეულ წევრთან, ამას გადაწყვეტს პარტია და პარტიის პოლიტსაბჭო. ეს ადამიანები არ არიან პარტიის წევრები, არიან სამოქალქო აქტივისტები და ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ითხოვენ იმ პარტიაში, რომლის წევრებიც არ არიან, ან პარტიის თავმჯდომარის გადადგომას, ან რატომ აქვთ პრეტენზიები. ის ადამიანები, მათ შორის ბატონი მუმლაძე, ბოლო ორი წელია, გამოჩნდა ასე აქტიურად და ჩვენ, პარტიის წევრებს, 10 წელია, ამ ბრძოლაში გვაქვს სისხლი ჩანთხეული და ეს პარტია გვაქვს მოტანილი აქამდე. ჩემთვის მიუღებელია, რომ პარტიის თავმჯდომარის კრიტიკა ხდებოდეს ამ ფორმით, მით უმეტეს, როდესაც ეს ადამიანები არ არიან პარტიის წევრები.

ათი წლის განმავლობაში ამ პარტიაში გამოვიარეთ ბევრი რამ, მათ შორის შიდადინება, მცდელობა შიდაარეულობის, გამოვიარეთ გარეძალების მიერ პროვოცირებული არაერთი შემთხვევა. ამ ათი წლის განმავლობაში ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ შევინარჩუნეთ,ისაა, რომ პარტია, რომლის მოსპობაც იყო რუსული „ოცნების“ ნომერ პირველი ამოცანა, არათუ დასუსტდა, არამედ უფრო გაძლიერდა და ეს ჩანს ყველა არჩევნებზე. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არსებობენ კლანის წევრები, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობს განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე კლანის წევრი ხარ. ნიკა მელიას გადაყენება არ იგეგმება და თუ ეს საკითხი დადგება, რომელიც არ დგას, ამას გადაწყვეტს პარტია, პარტიის პოლიტსაბჭო, რეგიონული და რაიონული ორგანიზაციები და არა სამოქალაქო აქტივისტები ან ადამიანები, რომლებიც არ არიან პარტიის წევრები. პარტიაში ცვლილებების საკითხი არ დგას. რაც ახლა ხდება, არ არის შიდადაპირისპირება. ამიტომაც ამით აპელირება შეცდომაა. ეს ადამიანები არ არიან პარტიის წევრები, შიდადაპირისპირება იქნება პოლიტსაბჭოში რომ იყოს ეს ამბავი ან რაიონულ და რეგიონულ ორგანიზაციებში იყოს დაპირისპირება. კეზერაშვილის საკითხზე არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით. ეს არის აზრთა სხვადასხვაობა და არა დაპირისპირება“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტი გიორგი მუმლაძე ნიკა მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს.

ამასთან, პარტიის ოფისში დაპირისპირების შესახებ გიორგი მუმლაძემ გუშინ ფეისბუქლაივის დროს ისაუბრა. მან დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ფიზიკური დაპირისპირება ნამდვილად მოხდა. მისი თქმით, დაპირისპირება უკავშირდებოდა არა დავით კეზერაშვილის საკითხს, არამედ ერთ-ერთ გადაცემაში პარტიაში ჩანერგილი სუს-ის აგენტების შესახებ გასულ ინფორმაციას. როგორც მუმლაძე განმარტავს, აღნიშნული სიუჟეტიდან გამომდინარე, მის ერთ-ერთ თანამებრძოლზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის იყო სუს-ის აგენტი. ასევე მუმლაძემ ფეისბუქლაივისას აღნიშნა, რომ პარტიის ერთ-ერთი ხელფასიანი თანამშრომელი თენგო სანაია მას „შუბლის გახვრეტით“ დაემუქრა. მუმლაძემ ისაუბრა ნიკა მელიაზეც:

„რაც შეეხება უშუალოდ ნიკა მელიას და მის როლს, მისი როლი იყო წარმოუდგენლად ცუდი, რადგან ნაცვლად იმისა, რომ ამ პროცესში მედიატორის როლი ეთამაშა, ეს არ გააკეთა. რაღაც მომენტში პირიქით, წამახალისებელი იყო ამ დაპირისპირების. ის ხალხი, ვინც მონაწილეობდა ამ ჩხუბში, არიან ლაჩრები, პირდაპირ ვეტყვი. ხალხი, რომელიც მშიშრები არიან, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ ასეთ ხალხთან ერთად რაიმე ბრძოლას ჰქონდეს აზრი, რადგან სუსტ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გადათელვა სიამოვნებას რომ განიჭებს და წახალისებას ახდენ, მათ შორის ეს ეხება ნიკა მელიასაც, პირდაპირ ვასახელებ მას. ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი ლაჩარი, რომელიც აფარებული არის დაცვას და ისე ებლატავება ხალხს. არის ლაჩარი და სადაც შემხვდება, სათანადო პასუხს გავცემ, სიტყვით, პირველ რიგში და თუ რამე იქნება საჭირო, თავს დავიცავ და ასე შემდეგ“, – აღნიშნა გიორგი მუმლაძემ.