ანი წითლიძე - ხაბეიშვილმა რა თქვა მელიაზე და მელიამ - ხაბეიშვილზე, ეს არ არის ის საკითხი, რაც ქვეყნის მოსახლეობას აინტერესებს, ვინ ვისზე რა თქვა, საერთოდ არ მაინტერესებს
ანი წითლიძე - ხაბეიშვილმა რა თქვა მელიაზე და მელიამ - ხაბეიშვილზე, ეს არ არის ის საკითხი, რაც ქვეყნის მოსახლეობას აინტერესებს, ვინ ვისზე რა თქვა, საერთოდ არ მაინტერესებს

ხაბეიშვილმა რა თქვა მელიაზე და მელიამ – ხაბეიშვილზე, ეს არ არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს. ვინ ვისზე რა თქვა, ეს საკითხი საერთოდ არ მაინტერესებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შიდაპარტიული არჩევნები უნდა იყოს შესაძლებლობა, პარტია შიდაპარტიული პროცესებიდან კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული გამოვიდეს და არა – პირიქით.

„ვისურვებდი, კანდიდატებმა უფრო მეტი ილაპარაკონ გეგმებზე, როგორ უყურებენ „ნაციონალური მოძრაობის“ განვითარებას 30 იანვრის შემდეგ, როგორ უყურებენ სააკაშვილის თავისუფლებას და არა – ურთიერთბრალდებებზე ერთმანეთის მიმართ. თავმჯდომარეობის არჩევნებით არ ველოდები, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვიღაც წავა. ეს ხალხი ამ პარტიის ორგანული ნაწილია. რა იქნება 30 იანვრის შემდეგ, ამაზე წინასწარ საუბარი არ არის სწორი. საერთოდ, მგონია, რომ ნებისმიერი მხარის მხრიდან, როდესაც სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, როდესაც ჩვენგან ამომრჩეველი აბსოლუტურად სხვას ელოდება, ველოდებით, რომ კანდიდატებმა ილაპარაკონ, როგორ წარმოუდგენიათ პარტიის განვითარება და არა იმაზე, ვინ რომელ თანამდებობაზე იქნება“, – აღნიშნა წითლიძემ.

წითლიძის განცხადებით, საარჩევნო კამპანია უნდა ჩატარდეს ისე, როგორც ეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეეფერება.

„არაერთხელ მითქვამს და მომიწოდებია ჩემი მეგობრებისთვის და თავმჯდომარეობის კანდიდატებისთვის, რომ საარჩევნო კამპანია ისე უნდა ჩატარდეს, როგორც ეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეეფერება. ახლაც იმავეს გავიმეორებ. ამის პასუხისმგებლობა და შეგნება უნდა ეყოს ყველა კანდიდატს. ვიტყვი გულწრფელად, რომ რა ფორმითაც დაიწყო ეს არჩევნები, არ ვეთანხმებოდი და ვთვლი, რომ არ იყო სწორი. რა ფორმითაც გაგრძელდა ყველა მხარის მხრიდან, ასევე არის ის, რასაც არ ვისურვებდი, ჩემი პარტიის ირგვლივ დღეს ყოფილიყო. პარტიაში საკადრო ცვლილებები ჩვეულებრივი ამბავია, ყოველთვის ხდება და იქნება, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა ანი წითლიძემ.