ანი წითლიძე აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმების ათი პროცენტი აიღო
ანი წითლიძე აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმების ათი პროცენტი აიღო

იმდენად აქვს სისტემას ყველაფერი ხელში, რომ არანაირი შანსი არ არის, თორემ ყველაზე კომფორტული ახლა არჩევნებში შესვლაა ოპოზიციური პარტიებისთვის. ბევრად რთულია ის, რასაც მე ვამბობ, იმ რესურსების მობილიზაცია, რაც ნიშნავს საპროტესტო მუხტის გაძლიერებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.

წითლიძის თქმით, საპროტესტო მუხტსაც სჭირდება გაძლიერება.

„გახარია და „ლელო“ რომ ორ კაცს შეიყვანენ საკრებულოში, ეს ბიძინა ივანიშვილს დაასუსტებს თუ გააძლიერებს? გამიხარდება, თუ მონაწილეობის კუთხით ვცდები, მაგრამ გახარიასთან ყველაფერი გარკვეულია, „ლელოსგან“ ძალიან დამწყდება გული. არ უნდა იცოდე საარჩევნო გარემო, ველი, რომ უფრო მეტის მოლოდინი გქონდეს, წარმოდგენა არ უნდა გქონდეს მაშინ. რამე შეიცვალა უკეთესობისკენ? მაშინ ამაზე უნდა მელაპარაკო. რა შეიცვალა? საკანონმდებლო ცვლილებებით ამ არჩევნებზე იმის შესაძლებლობაც კი არ არის, რომ ელემენტარული პირადობა შეადარო, მართლა ის ადამიანი არის თუ არა შესული. ისიც კი აკრძალეს. შესაბამისად, იმდენად აქვს სისტემას ეს ყველაფერი ხელში, რომ არანაირი შანსი არ არის, თორემ ყველაზე კომფორტული ახლა არჩევნებში შესვლაა ოპოზიციური პარტიებისთვის. ბევრად რთულია ის, რასაც მე ვამბობ – იმ რესურსების მობილიზაცია, რაც ნიშნავს საპროტესტო მუხტის გაძლიერებას. საპროტესტო მუხტიც დიდხანს ვერ იქნება ასე, ამასაც სჭირდება გაძლიერება“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

კითხვაზე, – „ბოლოსდაბოლოს, არჩევნებით რამდენი ათასი ხმა მიიღეთ?“ – ანი წითლიძემ უპასუხა: „ათი პროცენტი, 200 ათასზე მეტი“.

კიდევ ერთ კითხვაზე, – „ვინც ხმა მოგცათ, მათგან 50 000 კაცი მაინც რატომ არ დგას დღეს ქუჩაში?“ – წითლიძემ აღნიშნა:

„ჯერ ერთი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, 13 წელია, ქუჩაში დგანან და ახლაც ძალიან დიდი რაოდენობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი დგას. ხშირ შემთხვევაში გვეშლება, რომ ერთი არის ხმის მიმცემი ელექტორატი, მეორე – საპროტესტო ელექტორატი. ჩვენ ამ ხალხს არჩევნებამდე ვუთხარით, რომ არჩევნების შემდეგ, შეიძლება, თქვენი ხმების დაცვა მოგიწიოსო? ამასაც არ ეუბნებოდა ოპოზიცია, იძახდა, გამარჯვებულები ვართ და რვა საათზე გამარჯვებას ზეიმობდა. ოპოზიციას ამ მიმართულებით არც უმუშავია. არ ჰქონიათ იმისი დაშვებაც, გეგმა „ბ“, რომ შეიძლება, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები წაგართვას და მეორე დღეს ქუჩაში მოგიწიოს გასვლა. „ნაციონალური მოძრაობა“ ვიყავით ერთადერთი, ვინც ვლაპარაკობდით. მაშინაც ნახევარი ოპოზიცია ხან რადიკალებს გვეძახდა და ხან სუს-ი გვიბარებდა დაკითხვაზე. შესაბამისად, ეს ორი სხვადასხვა რაღაც არის. ერთია ხმის მიმცემი ელექტორატი, მეორე – საპროტესტო ელექტორატი. ჩემი ღრმა რწმენით, ოპოზიციური პარტიების მთავარი მოტივაცია უნდა იყოს საპროტესტო ელექტორატის გაზრდა და ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი უნდა იდგეს ქუჩაში“.