ანი ნადარეიშვილი - 4 ოქტომბერს ვიყავი სახლში, პროცესს მთელი გულითა და სულით ვგულშემატკივრობდი, შეგნებულად არ მივსულვარ აქციაზე, რომ ეს არავის გამოეყენებინა და ცირკი არ დაედგათ
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
როგორც ანი ნადარეიშვილმა სუს-ის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ძირითადი კითხვა ეხებოდა იმას, იცნობდა თუ არა, ტყეში ამოთხრილ კადრებთან დაკავშირებულ პირს.
ანი ნადარეიშვილის თქმით, გამომძიებელს განუცხადა, რომ არ სჯერა „სუს-ის დადგმული სპექტაკლების“, რომელში მონაწილეობასაც აიძულებენ.
„ძირითადი კითხვა იყო, რაღაც ტყეში რომ კადრები ამოთხარეს, სწორედ მაგ კადრებთან დაკავშირებულ პირთან. ჩვენ როგორც გვახსოვს ბ.ჭ. იყო ნახსენები, ბიძინა ჭორვილელიო, ამიტომ დამამახსოვრდა კარგად. ეს ადამიანი ყოფილა, ვინმე ბექა ჭულუხაძე, აინტერესებდათ, თუ ვიცნობ ამ ადამიანს, თუ მქონდა რაიმე შეხება, თუ მქონდა ნანახი ტელეკომპანია იმედის სიუჟეტი, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში, რუსულ პროპაგანდისტულ არხებს არ ვუყურებ. ასევე აინტერესებდათ, თუ ვიცნობ პაატა ბურჭულაძეს და ესეც ძალიან სასაცილო კითხვაა, რადგან ათასჯერ ვთქვით, რომ პაატა ბურჭულაძე ჩვენი ოჯახის ნათესავია, მისი შვილი ჩემი შვილის ნათლიაა და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, რაც მეამაყება.
გამომძიებელს ვეკითხებოდი, ვის ტვინში დაიბადა, რომ მე რაიმე შეხება შეიძლება, მქონდეს ამოთხრილ იარაღთან. მე გამომძიებელს იქვე დავუფიქსირე, რომ სუს-ის დადგმული სპექტაკლების მე არ მჯერა, რადგან 13 წლის განმავლობაში ნანახი მყავს ძალიან ბევრი მოწმე და მოსმენილი მყავს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა ზეწოლა, ალაპარაკებდნენ იმას, რაც უნდოდათ, ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი სუს-ის აგენტი მინახავს, ამიტომ, საერთოდ არ მჯერა ამათი მასკარადების, ცირკების, რაშიც იძულებულს მხდიან, მონაწილეობა მივიღო.
ყველაფერი მაქვს გაზიარებული, რაც კი რამე ნიუსი დადებულა, მათ შორის მქონდა გაზიარებული ეს იარაღის ამოღების სქრინი, სადაც ხალხი დასცინოდა და ეს მქონდა გაშარჟებული, რომ დადგეს დრამა და გადაიქცა კომედიადთქო და მეც მეცინებოდა და ამაზე რატომ იცინიო“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.
მისივე თქმით, გამომძიებლები დაინტერესდნენ, სად იმყოფებდა 4 ოქტომბერს. ნადარეიშვილის განცხადებით, ის აქციაზე შეგნებულად არ მისულა და იმყოფებოდა სახლში.
„მკითხეს, სად ვიყავი იმ დღეს და ჩემი პასუხი იყო, რომ 4 ოქტომბერს ვიყავი სახლში. რა თქმა უნდა, პროცესს მთელი გულითა და სულით ვგულშემატკივრობდი, ყველა ის ადამიანი მეამაყება, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა. მე შეგნებულად არ მივსულვარ აქციაზე, რომ ეს არავის გამოეყენებინა და ცირკი არ დაედგათ.
სამი თვის განმავლობაში ვხედავდით, როგორ მიმდინარეობდა პროცესები, ყველანაირად ცდილობდნენ, მოეწებებინათ ჩვენთვის ხან ჰექსოგენი, ხან პარლამენტის მაკეტით, ამიტომ, მე იქ შეგნებულად არ წავსულვარ. ჩვეულებრივ პროვოკაციებს დგამენ, აგერ ჩემ თავზე რაც გადამხდა, ამიტომ ზუსტად ვიცი. 13 წელია, ამათ მთელი ჩემი ოჯახი უბედურებაში გაატარეს, ჩემი ძმაც იყო დაჭერილი, სახლში ჩხრეკებიც იყო, ყველაფერი გავიარე და ნანახი მაქვს. 13 წლის შემდეგ ადამიანებს კიდევ რომ არ აძლევენ სიმშვიდის საშუალებას და კიდევ რომ პროპაგანდისტული არხებით ცდილობენ, გაგაშავონ, ბუად გამოგიყვანონ, უბრალოდ ძალიან გულდასაწყვეტია“, – განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.