ანგი ხუციშვილმა პროკურატურა კომენტარის გარეშე დატოვა
ანგი ხუციშვილმა პროკურატურა კომენტარის გარეშე დატოვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა და შეწყალების დეპარტამენტის კურატორმა, ანგი ხუციშვილმა გენერალური პროკურატურა კომენტარის გარეშე დატოვა. ანგი ხუციშვილს არ უსაუბრია, რატომ გახდა აუცილებელი მისი კიდევ ერთხელ დაბარება საგამოძიებო უწყებაში და რა კითხვები დაუსვეს მას.

გენერალურ პროკურატურაში ასევე გამოკითხვაზე მისულები არიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და ადმინისტრაციის თანამშრომლები.

პროკურატურის ინფორმაციით, ადმინისტრაციის თანამშრომლები დამატებითი ინფორმაციისთვის არიან დაბარებულები.

საგამოძიებო უწყებაში ასევე შეწყალების საკითხზე დაბარებულია ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძის დედა, რომელმაც მისი შვილის შეწყალებაზე დაწერა განაცხადი. ის გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად შევა.

ასლან ბეჟანიძის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, საქმეში არის მტკიცებულებები, რომლებიც ასლან ბეჟანიძის უდანაშაულობას ადასტურებს.