ანგელა მერკელსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ანგელა მერკელსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და უკრაინის არჩეულ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გერმანიის კანცლერმა სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინაში რეფორმების განხორციელებას მხარს დაუჭერს.

როგორც გერმანიის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, სატელეფონო საუბრის დროს ანგელა მერკელმა და ვლადიმირ ზელენსკიმ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვეს ხაზი.

გერმანიის კანცლერმა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ვლადიმირ ზელენსკის ჯერ კიდევ 22 აპრილს მიულოცა და გერმანიაში მიიწვია.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართა. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმების სრულად დათვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ზელენსკიმ ხმების რეკორდული რაოდენობა, 73,22 პროცენტი დააგროვა.