ანგელა მერკელმა და ვლადიმერ პუტინმა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე ტელეფონით ისაუბრეს
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებულ დაძაბულ ვითარებაზე ისაუბრეს. გერმანიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, თავისი წვლილი შეიტანოს პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან მიგრანტების მობილიზაციის შედეგად წარმოქმნილი დაძაბულობის მოგვარებაში. გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ბელარუსის მხრიდან „მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია“ დაგმო და არაჰუმანური ქმედება უწოდა.
თავის მხრივ, კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პუტინმა მერკელს აღნიშნული საკითხების განხილვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ბელარუსს შორის პირდაპირი კონტაქტის გზით შესთავაზა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან არსებულ ვითარებაზე საუბარს გააგრძელებენ.
ორი ქვეყნის სასაზღვრო მონაკვეთში ბელარუსის ტერიტორიაზე მიგრანტების დიდი ჯგუფი იმყოფება და პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობს. პოლონეთმა საზღვრის დასაცავად 15 000-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა.