ანგელა მერკელმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმელთაშუა ზღვის რეგიონთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
ანგელა მერკელმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმელთაშუა ზღვის რეგიონთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

გერმანიის კანცლერმა და თურქეთის პრეზიდენტმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ანგელა მერკელმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით ისაუბრეს.

თურქეთის კომუნიკაციის დირექტორატის განცხადებით, ორმა ლიდერმა ასევე განიხილა ორმხრივი და რეგიონული საკითხები.

ვიდეოკონფერენციის დროს თურქეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს უთხრა, რომ ევროპის სახელმწიფოები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის საკითხის მიმართ სამართლიანი და თანმიმდევრული უნდა იყვნენ.

ერდოღანის განცხადებით, უთანხმოება მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მიდგომები სამართლიანი უნდა იყოს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი საკუთარი უფლებების დაცვისთვის აქტიურ პოლიტიკას გააგრძელებს. გერმანიის ხელისუფლება თურქეთსა და საბერძნეთს შორის შუამავლობას ცდილობს.

საბერძნეთისა და თურქეთის უთანხმოება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში თურქეთის მიერ ბუნებრივი რესურსების ძებნის ოპერაციას უკავშირდება.