ანგელა მერკელმა და იენს სტოლტენბერგმა ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ისაუბრეს
ანგელა მერკელმა და იენს სტოლტენბერგმა ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ისაუბრეს

გერმანია მხარს უჭერს ნატო-ს მიზანს, გაზარდოს ალიანსის ქვეყნების თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2%-მდე. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში ალიანსის გენერალური მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მერკელმა პირობა დადო, რომ 2024 წლისთვის სამხედრო ხარჯებს მშპ-ს 1,5 პროცენტამდე გაზრდის. მისი თქმით, თავდაცვის ხარჯები გაიზრდება, თუმცა 2%-იანი ნიშნულის მიღწევა დროის მოკლე მონაკვეთში შეუძლებელია.

ანგელა მერკელმა აღნიშნა, ნატო-ს მისიებში გერმანიის მიერ შეტანილი წვლილი და იმედი გამოთქვა, რომ უთანხმოების მიუხედავად, ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე შესაძლებელი იქნება კონკრეტული შედეგების მიღწევა.

როგორც „დოიჩე ველე“ განმარტავს, უთანხმოებებში გერმანიის კანცლერმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მწვავე განცხადებები იგულისხმა. ტრამპი აკრიტიკებს გერმანიასა და ნატო-ს სხვა ევროპულ წევრებს იმის გამო, რომ ისინი სამხედრო საჭიროებებზე მცირე თანხას ხარჯავენ და მათ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდისკენ მოუწოდებს.

თავის მხრივ, იენს სტოლტენბერგმა გერმანიის კანცლერთან ისაუბრა ალიანსის წევრების მიერ 2014 წელს აღებულ ვალდებულებაზე, 10 წლის განმავლობაში სამხედრო ხარჯები მშპ-ს 2%-მდე გაზარდონ.

სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, სამიტის მონაწილეები ერთიანობის დემონსტრაციას მოახდენენ. როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, საერთაშორისო ვაჭრობასა და კლიმატის საკითხებზე არსებული უთანხმოებების მიუხედავად, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაძლიერება აუცილებელია გლობალური უსაფრთხოებისთვის.

სტოლტენბერგმა ასევე უარყო ჟურნალისტების მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ ნატო-ს სამიტმა შესაძლოა, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ბედი გაიზიაროს, რა დროსაც დონალდ ტრამპმა ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ტრამპის კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, მისი გაპრეზიდენტების შემდეგ, აშშ-მა ევროპაში განთავსებული ამერიკული ჯარის დაფინანსება 40%-ით გაზარდა.