ანგელა მერკელმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ სატელეფონო საუბრისას ევროკავშირი-ბელარუსის საზღვარზე მყოფი მიგრანტების საკითხი განიხილეს
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სატელეფონო საუბრისას ევროკავშირი-ბელარუსის საზღვარზე მყოფი მიგრანტების ჰუმანიტარული დახმარების საკითხი განიხილეს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ გერმანიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბელარუსის წინააღდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესების გადაწყვეტილება მიიღეს.
„კანცლერმა და ბატონმა ლუკაშენკომ ისაუბრეს ბელარუსისა და ევროკავშირის საზღვარზე შექმნილი რთული სიტუაციის შესახებ, განსაკუთრებით იქ მყოფი ლტოლვილებისა და მიგრანტების ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებაზე“, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, შტეფენ ზაიბერტის განცხადებაში. მისივე ცნობით, ანგელა მერკელი და ალექსანდრ ლუკაშენკო აღნიშნულ საკითხებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, აღნიშნული სატელეფონო საუბარი არის პირველი კონტაქტი ბელარუსის პრეზიდენტსა და დასავლელ ლიდერს შორის 2020 წლის აგვისტოში ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. აღნიშნულ არჩევნებში ლუკაშენკოს გამარჯვებულად გამოცხადებას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
ამჟამად ევროკავშირი ბელარუსს ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკის ქვეყნებიდან ჩასული მიგრანტების ევროკავშირის საზღვრის უკანონო გადაკვეთის ხელშეწყობაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ბელარუსი მიგრანტებს ევროკავშირის წინააღმდეგ იარაღად იყენებს. ამჟამად პოლონეთს, ლიეტუვას, ლატვიასა და ბელარუსს შორის საზღვარზე ათასობით მიგრანტი იმყოფება.