„შპიგელის“ ინფორმაციით, ანგელა მერკელმა ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში მოინახულა
„შპიგელის“ ინფორმაციით, ანგელა მერკელმა ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში მოინახულა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში მკურნალობის დროს მოინახულა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენელს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ალექსეი ნავალნი ბერლინში მდებარე შარიტეს კლინიკაში 32 დღის განმავლობაში მკურნალობდა. გერმანიის დედაქალაქში ის რუსეთიდან მას შემდეგ ჩაიყვანეს, რაც ტომსკიდან მოსკოვში მიმავალ რეისზე პოლიტიკოსი შეუძლოდ გახდა.

გერმანიის თავდაცვის უწყების ლაბორატორიის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. აღნიშნული დასკვნა შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებში ჩატარებულმა კვლევებმაც დაადასტურა. გერმანული მხარე რუსეთისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს, მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს. ალექსეი ნავალნი შარიტეს კლინიკიდან 23 სექტემბერს გაწერეს.