ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში 23-24 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი 
ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში 23-24 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი 

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში სავარაუდოდ 23-24 აგვისტოს შედგება. როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, ოფიციალურ ინფორმაციას თარიღთან დაკავშირებით გერმანიის საელჩო დააზუსტებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია.

მინისტრის თქმით, საქართველოსთან ერთად, მერკელი ეწვევა ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონს.

„ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან ერთად ამაზე საუბარი სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი პირველი ოფიციალური ვიზიტი სწორედ გერმანიაში მქონდა, მაშინ ვისაუბრეთ ამ ვიზიტის შესახებ და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გერმანელი პარტნიორების მხრიდან, ქვეყნის მხრიდან, რომელიც არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან მყარი მხარდამჭერი, გვაქვს ასეთი მაღალი დონის ვიზიტი.

10 წლის წინ განხორციელდა წინა ვიზიტი და დროის თვალსაზრისით, ამ ვიზიტს აქვს დიდი მნიშვნელობა რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს.

გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირში და ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველო იყოს მათი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი თემა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.