ანგელა მერკელის თქმით, მზად არის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთოს, თუმცა საკუთარ რიგს დაელოდება
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და რეგიონული ლიდერები დაჩქარებული ვაქცინაციის სტრატეგიაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გერმანია ოჯახის ექიმებსა და თერაპევტებს კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს.
ვაქცინის ზედმეტ დოზებს კი, გერმანია საფრანგეთთან და ჩეხეთთან ქვეყნის სასაზღვრო რეგიონებს გადასცემს.
გერმანიის ფედერალურმა და რეგიონულმა მთავრობამ ვაქცინაციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შემდეგ გამართა, რაც ევროპის წამლის სააგენტომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გამოყენებისთვის უსაფრთხოდ მიიჩნია.
გერმანიის კანცლერის თქმით, ქვეყნის ახალი ლოზუნგია „ვაქცინაცია, ვაქცინაცია, ვაქცინაცია“.
ანგელა მერკელის განცხადებით, ქვეყნის მიზანი აპრილში „უფრო სწრაფი და მოქნილი“ ვაქცინაციის დაწყებაა.
როგორც კანცლერი აცხადებს, ის მზად არის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთოს, თუმცა სურს, საკუთარ რიგს დაელოდოს.
ამასთან, მერკელის თქმით, გერმანიამ შესაძლოა, გამოიყენოს რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“, თუ მას ევროპის წამლის სააგენტო დაამტკიცებს. მერკელის განცხადებით, ევროკავშირი რუსულ ვაქცინას თუ არ შეუკვეთავს, ბერლინმა შესაძლოა, ეს თავად გააკეთოს.