ანგელა მერკელი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს ვლადიმერ პუტინთან განიხილავს
ანგელა მერკელი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს ვლადიმერ პუტინთან განიხილავს

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან განიხილავს. ნატო-ს სამიტის ფარგლებში მედიასთან შეხვედრის დროს ანგელა მერკელმა თქვა, რომ მომდევნო კვირაში „ნორმანდიული ფორმატის“ შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინს საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწოდებს.

„ჩვენ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც ვერ დავინახეთ რუსეთის სურვილი, დაგვხმარებოდა ამ მკვლელობის გარკვევაში. მე რუსეთის პრეზიდენტს შემდეგ კვირაში შევხვდები და ვისაუბრებთ“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

გერმანიის ფედერალური პროკურორები აცხადებენ, რომ არსებული მონაცემებით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის უკან რუსული კვალი იკვეთება. 4 დეკემბერს გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს.