ანგელა მერკელი - თურქული საკვლევი ხომალდის, „ორუჯ რეისის“ პორტში დაბრუნება ევროკავშირის სამიტის წინ კარგი სიგნალია
ანგელა მერკელი - თურქული საკვლევი ხომალდის, „ორუჯ რეისის“ პორტში დაბრუნება ევროკავშირის სამიტის წინ კარგი სიგნალია

თურქული საკვლევი ხომალდის, „ორუჯ რეისის“ პორტში დაბრუნება ევროკავშირის სამიტის წინ კარგი სიგნალია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, 10-11 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერების სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა თურქეთთან ურთიერთობა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ბოლოდროინდელი დაძაბულობა იქნება.

„ეს კარგი სიგნალია, რომ „ორუჯ რეისი“ ახლა თურქეთის პორტში დაბრუნდა. ჩვენ დიდი ძალისხმევა ჩავდეთ ევროკავშირის და თურქეთის ურთიერთობებში. მაგრამ არსებობს მრავალი განსხვავებული დაბრკოლება და სირთულე, რომლებიც ისევ და ისევ იჩენს თავს. ახლა ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ წარიმართება დისკუსია დეკემბერში. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ჩვენ იმდენ წინსვლას ვერ მივაღწიეთ, რამდენსაც ვიმედოვნებდი“, – თქვა მერკელმა.

ოქტომბრის დასაწყისში სამიტის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბლოკის სოლიდარობა ევროკავშირის წევრების, საბერძნეთის და კვიპროსის მიმართ და მოუწოდეს ანკარას, გადაედგა ნაბიჯები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით. ევროკავშირის წევრები ასევე შეთანხმდნენ ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობების გააქტიურებაზე „პოზიტიური დღის წესრიგის“ წამოწყებით, სადაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ევროკავშირ-თურქეთის საბაჟო კავშირის მოდერნიზაციაზე, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, მიგრაციის საკითხებზე თანამშრომლობასა და სხვა საერთო ინტერესის საკითხებზე.

თურქეთმა, რომელსაც კონტინენტური სანაპირო ზოლი აქვს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში, უარი თქვა საბერძნეთისა და კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაციის საზღვაო საზღვრების პრეტენზიებზე და ხაზი გაუსვა, რომ გადაჭარბებული მოთხოვნები არღვევს როგორც თურქეთის, ისე კვიპროსელი თურქების სუვერენულ უფლებებს.