ანგელა მერკელი - თუ ევროკავშირი საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივ მოსაზრებაზე არ ჩამოყალიბდება, გაერთიანების არსებობას საფრთხე შეექმნება
ანგელა მერკელი - თუ ევროკავშირი საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივ მოსაზრებაზე არ ჩამოყალიბდება, გაერთიანების არსებობას საფრთხე შეექმნება

თუ ევროკავშირი საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივ მოსაზრებაზე არ ჩამოყალიბდება, გაერთიანების არსებობას საფრთხე შეექმნება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა განაცხადა. ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ საჭიროა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ევროპული გაერთიანების თითოეული წევრის სახელმწიფოს კულტურას შეესაბამება, თუმცა ამასთან ერთად, მიგრანტების პოზიციასაც გაითვალისწინებს.

„თუ არალეგალურ იმიგრაციასთან დაკავშირებით საერთო პასუხს ვერ მივაგნებთ, ევროკავშირის არსებობა საფრთხის ქვეშ დადგება. შეუძლებელია სახელმწიფოების მცირე ნაწილმა სხვებზე გაცილებით მეტი იტვირთოს. სწორედ ამიტომ აუცილებელია დაუყოვნებელი მოქმედება. მესმის, რომ ნაბიჯები ყველა ქვეყნის კულტურის გათვალისწინებით უნდა გადაიდგას, თუმცა ჩვენ საერთო პასუხი გვჭირდება“,- განაცხადა ანგელა მერკელმა.

ევროკავშირის პოლიტიკა ამჟამად წევრ სახელმწიფოებში მიგრანტების თანაბარ გადანაწილებას გულისხმობს. თუმცა კვოტების შემოღებამ გაერთიანებაში უთანხმოება გამოიწვია. გერმანია და ავსტრია აცხადებენ, რომ მათ იმაზე მეტი მიგრანტი მიიღეს, ვიდრე გათვლილი იყო. ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებმა კი მიგრანტების მიღებაზე საერთოდ უარი განაცხადეს.