ანგელა მერკელი - საქართველოსა და გერმანიას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვთ
ანგელა მერკელი - საქართველოსა და გერმანიას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვთ

საქართველოსა და გერმანიას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვთ და საქართველო ჩვენთვის ძალიან კარგი პარტნიორია, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და მიუხედავად იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ბევრი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა გერმანიაში, ამ ეტაპზე მათი რაოდენობა შემცირებულია.

„საქართველო ცალსახად არის უსაფრთხო ქვეყანა. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, ძალიან მალე, ბევრი თავშესაფრის მაძიებელი ჩამოვიდა საქართველოდან. შემდეგ კი მათი რაოდენობა  შემცირდა“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიას სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა შეუძლიათ.

„ვფიქრობთ, ჩვენ სხვადასხვა სფეროში შეგვიძლია თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო ბიზნესის ურთიერთობა და ერთმანეთს ხშირად შეხვდნენ ეკონომიკის მინისტრები, ასევე ის ხალხი, ვინც ეკონომიკაზეა პასუხისმგებელი, რათა ეკონომიკაში ჩვენი ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდეს, გავცვალოთ გამოცდილებები“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

როგორც ანგელა მერკელმა განაცხადა, საქართველოს შეუძლია, ევროკავშირში აგრარული პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს და აღნიშნა, რომ გერმანიას შეუძლია ამაში დიდი წვლილის შეტანა.

მისივე თქმით, საქართველო ძალიან სწორ ეკონომიკურ გზას ადგას.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ძალიან სწორ ეკონომიკურ გზას ადგას. ეკონომიკური ზრდა ნამდვილად სახეზეა“, – განაცხადა მერკელმა.

როგორც ანგელა მერკელმა აღნიშნა, განსაკუთრებით ამაყია, რომ ხვალ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდება.

„განსაკუთრებულად ვამაყობ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მექნება პატივი, ხვალ ვისაუბრო ბატონ რექტორთან,სტუდენტებთან. ამ კონტექსტშიც არსებობს ათწლეულობით დაგროვილი ქართულ-გერმანული ძალიან მდიდარი ურთიერთობა და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ ურთიერთობებს და ამ გამოცდილებას“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.