ანგელა მერკელი - ნაციონალიზმი ევროპული პროექტის მტერია
ანგელა მერკელი - ნაციონალიზმი ევროპული პროექტის მტერია

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, ნაციონალიზმი ევროპული პროექტის მტერია. ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ევროპარლამენტის არჩევნების წინ, ხორვატიაში ვიზიტისას გააკეთა.

მერკელმა მოუწოდა მოქალაქეებს, მხარი დაუჭირონ „ხორვატიის დემოკრატიული კავშირს“ და ებრძოლონ მემარჯვენე პოპულიზმს.

„ჩვენ შემართებით უნდა შევეწინააღმდეგოთ დინებებს, რომლებიც იმ ფასეულობებს ემუქრება, რომელზეც ევროპაა დაფუძნებული. პატრიოტიზმი და ევროკავშირი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. ნაციონალიზმი კი ევროპული პროექტის მტერია“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.

ზაგრებში ვიზიტისას გერმანიის კანცლერმა კომენტარი გააკეთა ავსტრიაში აგორებულ სკანდალზე, რასაც მმართველი კოალიციის დაშლა მოჰყვა. მისი თქმით, აუცილებელია მემარჯვენე პოპულიზმისთვის დამახასიათებელ ტენდენციებთან ბრძოლა.

„საქმე ეხება სიტუაციას, როდესაც უმცირესობა არაა დაცული. ადამიანის უფლებები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და ამ დროს მოსყიდული პოლიტიკოსების მთავარ როლს ასრულებენ“, – განაცხადა მერკელმა.

შეგახსენებთ, ავსტრიაში ულტრამემარჯვენე პარტია „თავისუფლების“ ლიდერი ჰაინც-კრისტრიან შტრახემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც გერმანულმა გამოცემებმა გაავრცელეს ფარული ჩანაწერი, რომელშიც ის რუს ინვესტორ ქალს სარფიან სამთავრობო კონტრაქტებს ჰპირდება, სანაცვლოდ კი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ითხოვს.