ანგელა მერკელი - მიხარია და მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ ამბიციებს, მაგრამ ძალიან სწრაფ და ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ
ანგელა მერკელი - მიხარია და მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ ამბიციებს, მაგრამ ძალიან სწრაფ და ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ

ძალიან გახსნილად მინდა გითხრათ, მიხარია და მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ ამბიციებს, ამიტომ არსებობს ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, მაგრამ ასევე, ევროპული მხრიდან ძალიან სწრაფ დაპირებებს, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ, – ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თსუ-ში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტის კითხვას საქართველს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ქვეყანა, რომელიც არის გაწევრიანების კანდიდატი, უნდა ასრულებდეს გარკვეულ წინაპირობებს და მეორე – ევროკავშირს უნდა შესწევდეს უნარი ახალი ქვეყნების მიღებისა.

„დღესდღეობით, თქვენ იცით, რომ ევროკავშირის გაწევრიანების პროცესში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გვაქვს პერსპექტივაში.  თქვენ იცით, რომ დიდი ბრიტანეთი დატოვებს სულ მალე ევროკავშირს. ძალიან ქმედითი და მოქნილი სტრუქტურა უნდა არსებობდეს, როგორ შეიძლება უფრო ძლიერად და კოორდინირებულად პოლიტიკის აწყობა, განსაკუთრებით ევროპული უსაფრთხოების სივრცე, რადგან ძალიან რთულია საერთოდ საშუალო და გრძელვადიანი  პერსპექტივით რაღაც გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

მისივე თქმით, თავიანთი  გამოკვეთილი ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე, შემდეგი რგოლი საქართველო და უკრაინა იქნებიან.

„საქართველო და უკრაინა იქნებიან  შემდეგი რგოლი, მათი გამოკვეთილი ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე. ჯერჯერობით, არ არის საუბარი გაწევრიანებაზე. მე ვერ ვიტყვი, რომ ხუთ წელიწადში ეს პროცესი დასრულდება, თუმცა ჩემი ვიზიტის მიზანია, მათ შორის ამაზეც გახსნილად საუბარი. არსებობს საერთო ფასეულობები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ბევრად უფრო მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები ჩნდება, ეს უნდა გაგრძელდეს და ამოიწუროს. ასევე, ეკონომიკურ ზრდაში, რომელიც აქვს საქართველოს, ყველა ადამიანმა შეიძლება მიიღოს მონაწილეობა. გარდა ამისა, უთანსწორობა,  სიღარიბესთან ბრძოლა, სოციალური უსაფრთხოების ქსელები და მრავალი სხვა ფაქტორი, ამაში  უნდა იყოს ჩართული. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის კარგად  გააზრება, გაზიარება და ამის ერთმანეთთან ჰარმონიზაციაში მოყვანა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.