ანგელა მერკელი - გერმანია ელოდება, რომ ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიებისთვის რუსეთი ინფორმაციას მოაწვდის
ანგელა მერკელი - გერმანია ელოდება, რომ ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიებისთვის რუსეთი ინფორმაციას მოაწვდის

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანია ელოდება, რომ რუსეთი ინფორმაციას მიაწვდის მკვლელობის გამოძიებისთვის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ნორმანდიული სამიტის დასრულების შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ანგელა მერკელის თქმით, მან ამის შესახებ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ნორმანდიული სამიტის ფარგლებში, ორმხრივი მოლაპარაკებების დროს განუცხადა.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით კითხვა ლიდერებს გერმანელმა ჟურნალისტმა დაუსვა და ამ საქმის გამო გერმანიიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებაც აღნიშნა.

კითხვას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც და აღნიშნა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა და სეპარატისტების მხარეს იბრძოდა. მისი თქმით, ეს ხანგოშვილი რუსეთში მოსკოვის მეტროში აფეთქების ორგანიზების ბრალდებით იძებნებოდა.

გერმანიის პროკურატურა ბერლინის პარკში მოკლული საქართველოს მოქალაქის საქმეში ჩეჩნურ კვალს ხედავს, თუმცა მოსკოვი საქმესთან რაიმე კავშირს უარყოფს.