ანგელა მერკელი - გერმანია მხარს უჭერს აშშ-ს, საფრანგეთსა და ბრიტანეთს, რომლებმაც სირიაში სამიზნეებზე დარტყმები განახორციელეს
გერმანია მხარს უჭერს აშშ-ს, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს, რომლებმაც სირიაში სამიზნეებზე დარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ “დოიტჩე ველეს” ცნობით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
“სამხედრო ოპერაცია იყო იძულებითი ნაბიჯი შესაბამისი ქიმიური იარაღის გამოყენების საერთაშორისო აკრძალვის დასაცავად და მომავალში ამ აკრძალვის დარღვევისგან სირიის რეჟიმის შესაკავებლად”, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, არსებული მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე სწორედ სირიის რეჟიმია პასუხისმგებელი.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ ჩვენმა ამერიკელმა, ბრიტანელმა და ფრანგმა მოკავშირეებმა, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა, ამგვარად პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს”, – აღნიშნა მერკელმა.
შეგახსენებთ, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა რამდენიმე საათის წინ სირიაზე დარტყმები განახორციელეს.