ანგელა მერკელი Forbes-ის გავლენიანი ქალების ასეულის სათავეში მეშვიდედ მოექცა
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი Forbes-ის გავლენიანი ქალების ასეულის სათავეშია. ავტორიტეტული ამერიკული გამოცემის მიერ შედგენილი რეიტინგის პირველ ადგილზე გერმანიის კანცლერი უკვე მეშვიდედ მოხვდა. მეორე ადგილს კი გასული წლის მსგავსად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი იკავებს. პირველ სამეულში მოხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, ქრისტინ ლაგარდიც.
ამერიკული ჟურნალის ყოველწლიურ რეიტინგში მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ქალიშვილი და მისი მრჩეველი ივანკა ტრამპი – ის სიაში 24-ე ადგილზეა.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი წელს ყველაზე გავლენიანი ქალების სიას გამოეთიშა. 2016 წელს ის რეიტინგში მეორე ადგილზე იყო, თუმცა 2017 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ 67-ე ადგილზე გადაინაცვლა. წელს კი სია საერთოდ დატოვა.