ანგელა მერკელი - ევროპა სირთულეების წინაშე დგას, ერთ-ერთი მიზეზი კი რუსეთის ჰიბრიდული ომია
ანგელა მერკელი - ევროპა სირთულეების წინაშე დგას, ერთ-ერთი მიზეზი კი რუსეთის ჰიბრიდული ომია

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ევროპა დღეს სირთულეების წინაშე დგას. შექმნილი ვითარების ერთ-ერთ მიზეზად მან რუსეთის ჰიბრიდული ომი დაასახელა, რომელიც სუსტ ქვეყნებს უტევს.

ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები გარკვეულ კონსენსუსამდე ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. მისივე თქმით, მხარეებმა მოლაპარაკებები მომავალშიც აქტიურად უნდა განაგრძონ.

ამასთან, მერკელმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე ისაუბრა და მოსკოვის აგრესიულ ქმედებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. მისი თქმით, 2014 წელს რუსეთმა საერთაშორისო სამართალი უხეშად დაარღვია.

ანგელა მერკელი მცირე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებასაც შეეხო. გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ მრავალი წლის განმავლობაში რუსეთი დოკუმენტის პირობებს არღვევდა, შედეგად კი, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დოკუმენტიდან გამოთიშვის გადაწყვეტილება მიიღო.