ანგელა მერკელი - ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კოსოვომ მეტ პროგრესს უნდა მიაღწიოს
ანგელა მერკელი - ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კოსოვომ მეტ პროგრესს უნდა მიაღწიოს

ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კოსოვომ მეტ პროგრესს უნდა მიაღწიოს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში კოსოვოს პრეზიდენტის, ჰაშიმ ტაჩის ვიზიტის დროს განაცხადა.

როგორც მერკელმა აღნიშნა, მას კოსოვოსგან სხვადასხვა სფეროში გაცილებით მეტი განვითარების მოლოდინი აქვს.

გერმანიის კანცლერის თქმით, უფრო დიდი ყურადღება უნდა მიექცეს კანონის უზენაესობას, ასევე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

გერმანიის კანცლერმა კოსოვოს პირველ პირთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობის მაღალი დონეა. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად კი კოსოვოს გერმანია და ევროკავშირი უნდა დაეხმაროს.

კოსოვო ხუთ ბალკანურ სახელმწიფოსთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს. ევროპულ გაერთიანებაში შესასვლელად კი აღნიშნულ ქვეყნებში კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულის, ადამიანის უფლებების, მედიათავისუფლებისა და სხვა მრავალი სფეროა გასაუმჯობესებელი.

სერბეთის ყოფილი პროვინციის, კოსოვოს დამოუკიდებლობას ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფო არ აღიარებს.

რაც შეეხება გერმანიას, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და საფრანგეთთან ერთად, ის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა. დღეს გერმანია კოსოვოს ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორი სახელმწიფოა.