ანგელა მერკელი - ევროკავშირმა უნდა განაგრძოს მსჯელობა საკუთარ მომავალზე
ანგელა მერკელი - ევროკავშირმა უნდა განაგრძოს მსჯელობა საკუთარ მომავალზე

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა განაგრძოს მსჯელობა საკუთარ მომავალზე. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის ლიდერების სამიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ის გამოეხმაურა პოლონეთსა და ევროკომისიას შორის დავას, რომელიც პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პოლონეთის ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონზე უპირატესია. როგორც გერმანიის კანცლერმა განაცხადა, პოლონეთის შემთხვევაზე საუბრისას უნდა გაითვალისწინონ, ამ ქვეყნის წარსული და დამოკიდებულება ეროვნული იდენტობის საკითხისადმი.

„ცხადია, რომ საქმე ეხება სასმართლოს დამოუკიდებლობას პოლონეთში, მაგრამ ამის უკან დგას კიდევ ერთი საკითხი, რომელიც, გუშინდელ სამიტზე ასევე განვიხილეთ და ამაზე განცალკევებული მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. ანუ რეალურად საით მიემართება ევროკავშირი, რა უნდა იყოს ევროკავშირის კომპეტენციაში და რა საკითხები უნდა გადაჭრან თავად წევრმა სახელმწიფოებმა. მე ძალიან კარგად მესმის, როდესაც შევხედავთ პოლონეთის ისტორიას, რომ ეროვნული იდენტობის განსაზღვრის საკითხი, როდესაც მშვიდობიან პერიოდში ვართ, მთავარ როლს თამაშობს და ეს განასხვავებს პოლონეთს იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც დემოკრატია მიიღეს მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე“, – განაცხადა მერკელმა.

მერკელმა ასევე ისაუბრა ევროკავშირში ენერგორესურსებზე გაზრდილ ფასებზე და განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს ზომები, რომ ამ კრიზისმა არ შეუქმნას პრობლემები მოქალაქეებს, თუმცა მისივე თქმით, ეს არ უნდა მოხდეს განახლებად ენერგიაზე გადასვლის პროცესის გაჭიანურების ხარჯზე.

მერკელისთვის ეს სავარაუდოდ ბოლო სამიტი იყო, რომელსაც ის გერმანიის კანცლერის რანგში დაესწრო. ევროპელმა ლიდერებმა ის ოვაციებით გააცილეს.