ანგელა მერკელი ევროკავშირ-რუსეთის დიალოგის აღდგენას მხარს უჭერს
ანგელა მერკელი ევროკავშირ-რუსეთის დიალოგის აღდგენას მხარს უჭერს

წინააღმდეგობის მიუხედავად, ანგელა მერკელი ევროკავშირ-რუსეთის დიალოგის აღდგენას მხარს უჭერს.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გერმანიის კანცლერის თქმით, ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიალოგის აღდგენა საჭიროა არა მარტო რუსეთის პრეზიდენტისთვის იმის სათქმელად, რომ კიბერთავდასხმები არ არის პროდუქტიული ურთიერთობების ამოსავალი წერტილი, არამედ სასარგებლო იქნება რიგი საკითხებისთვისაც.

ანგელა მერკელის განცხადებით, რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არცთუ ისე კარგია, მაგრამ „ცივი ომის“ პერიოდშიც ხალხი ელაპარაკებოდა ერთმანეთს, ამიტომ დუმილი პრობლემის გადაწყვეტის გზა არ არის.

ამასთან, მან დასძინა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა გამოკვეთეს ის პრობლემატური საკითხები, რომელთა გადაწყვეტა რუსეთთან ერთად სურთ და მოხელეებს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის ფორმატებისა და პირობების განხილვა დაავალეს.

ანგელა მერკელის თქმით, ევროპამ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ, მაგრამ ჯერჯერობით საკუთარი მიზნისთვის არ მიუღწევია.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა, გასულ კვირას გამართულ სამიტზე უარი განაცხადეს ფრანგულ-გერმანულ წინადადებაზე რუსეთთან ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით. პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერების თქმით, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, ევროკავშირის ეს ნაბიჯი არასწორი გზავნილი იქნება მისი პარტნიორებისთვის.