ანგელა მერკელი ერთიანი ევროპული არმიის შექმნას მხარს უჭერს
ანგელა მერკელი ერთიანი ევროპული არმიის შექმნას მხარს უჭერს

ანგელა მერკელი ერთიანი ევროპული არმიის შექმნას მხარს უჭერს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

ანგელა მერკელის განმარტებით, მხოლოდ ერთიან ევროპას შეუძლია, იყოს საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ საერთაშორისო არენაზე საკუთარი სიტყვა თქვას.

ერთიანი ევროპული არმიით კი ევროპა საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენებს, რომ ევროპის ქვეყნებს შორის ახალი ომი შეუძლებელია.

„ეს არ იქნებოდა არმია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინააღმდეგ. ეს ნატო-ს კარგი დამატება იქნებოდა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა სტრასბურგში სიტყვით გამოსვლის დროს.

აღნიშნული ინიციატივით პირველად საფრანგეთის პრეზიდენტი გამოვიდა. გასულ კვირას ემანუელ მაკრონმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამჟამად ევროპის შიდა პროცესებში ჩარევას საკმაოდ აქტიურად ცდილობენ. მათ შორის არის კიბერთავდასხმები.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპამ ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთისა და ჩინეთისგან თავის დაცვა დამოუკიდებლად უნდა შეძლოს.

მაკრონის იდეა უკვე არაერთხელ გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპის განმარტებით, საფრანგეთის პირველი პირის ინიციატივა შტატებისთვის შეურაცხმყოფელია.