ანგელა მერკელი დიდი შვიდეულის სამიტზე მიღწეული კომუნიკედან აშშ-ის გასვლით იმედგაცრუებულია
ანგელა მერკელი დიდი შვიდეულის სამიტზე მიღწეული კომუნიკედან ამერიკის შეერთებული შტატების გასვლით იმედგაცრუებულია. აღნიშნულ საკითხზე გერმანიის კანცლერმა ტელეკომპანია ARD-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ტრანსატლანტიკური პარტნიორობა ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა მასზე დაყრდნობა სულ უფრო მეტად რთულდება.
მერკელი ამ დრომდე მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპსა და დიდი შვიდეულის ლიდერებს ბევრ საკითხთან დაკავშირებით ერთნაირი შეხედულებები აქვთ. თუმცა, დოკუმენტიდან ხელმოწერის უკან გატანა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან რადიკალური ნაბიჯია.
კანადაში დიდი შვიდეულის სამიტის დასრულების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ყველასთვის მოულოდნელად სამიტზე მიღებული კომუნიკედან საკუთარი ხელმოწერის უკან გატანის შესახებ განაცხადა. მიზეზად დონალდ ტრამპმა დიდი შვიდეულის სამიტის ბოლოს კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადება დაასახელა, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ კანადა აშშ-ს ექსპორტზე ახალ ტარიფებს დაუწესებს.