ანგელა მერკელი და ვიქტორ ორბანი ადასტურებენ, რომ მიგრაციის საკითხში აზრთა სხვადასხვაობა აქვთ, თუმცა მოლაპარაკებებს გააგრძელებენ
ანგელა მერკელი და ვიქტორ ორბანი ადასტურებენ, რომ მიგრაციის საკითხში აზრთა სხვადასხვაობა აქვთ, თუმცა მოლაპარაკებებს გააგრძელებენ

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ადასტურებენ, რომ მიგრაციის საკითხში აზრთა სხვადასხვაობა აქვთ, თუმცა მზად არიან, აღნიშნულ თემაზე მოლაპარაკებები გააგრძელონ.

როგორც სააგენტო Associated Press-ი წერს, ბერლინში ვიქტორ ორბანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მერკელმა განაცხადა, რომ სურს ევროპის ჰუმანურობა გადაარჩინოს, როცა საქმე ეხება მიგრანტების მიმართ დამოკიდებულებას. მერკელის თქმით, სავარაუდოდ, ეს ბერლინსა და ბუდაპეშტს ყოფს.

„ევროპის სული ჰუმანურობაა და თუ გვსურს ამ სულის შენარჩუნება და ევროპაში ამ ღირებულებებით როლის შესრულება, მაშინ ევროპა უბრალოდ ვერ განუდგება საჭიროებებსა და ტანჯვას“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

თავის მხრივ, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მიგრაციის საკითხისადმი უნგრეთის პოზიცია არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 2015 წელს არალეგალ მიგრანტებს საზღვარი ჩაუკეტა. ვიქტორ ორბანი მიგრაციულ პრობლემებთან გასამკლავებლად საზღვრების ჩაკეტვას საუკეთესო გზად მიიჩნევს.

პრემიერის განცხადებით, უნგრეთის საზღვრის გასწვრივ რვა ათასი მესაზღვრის განთავსება ევროკავშირის სხვა წევრებისადმი „საკმაოდ კარგი სოლიდარობაა“.
გერმანიის კანცლერი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ევროკავშირის საზღვრების დაცვას, თუმცა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა მიიღონ მიგრანტების გარკვეული რაოდენობა, რაზეც უნგრეთი უარს აცხადებს.