ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი ფრანკო-გერმანული თანამშრომლობის ახალ შეთანხმებას გააფორმებენ
საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი 22 იანვარს ფრანკო-გერმანული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ახალ შეთანხმებას გააფორმებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის მონაწილეობით შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გერმანიის ქალაქ აახენის მერიაში გაიმართება. ახალი შეთანხმება 1963 წლის ელისეს ხელშეკრულების საფუძველს დაეფუძნება, რამაც საფრანგეთისა და გერმანიის ისტორიულ შერიგებაში დიდი წვლილი შეიტანა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკეში ნათქვამია, რომ ახალი შეთანხმების მიზანი ორი სახელმწიფოს დაახლოება და 21-ე საუკუნის გამოწვევებთან მზადყოფნის გაძლიერებაა.
შეთანხმება მოიცავს ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, განათლებას, კულტურას, ტექნოლოგიებს, კლიმატს და სასაზღვრო ზონაში თანამშრომლობის გაძლიერებას.