ანგელა მერკელი ბრექსიტის 2020 წლის დასაწყისამდე გადატანას შესაძლებლად მიიჩნევს
ანგელა მერკელი ბრექსიტის 2020 წლის დასაწყისამდე გადატანას შესაძლებლად მიიჩნევს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბრექსიტის თარიღის 2020 წლის დასაწყისამდე გადატანას შესაძლებლად მიიჩნევს. ამის შესახებ მან ბერლინში, ტერეზა მეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან 90-წუთიანი პირისპირ საუბრის შემდეგ ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ბრექსიტის თარიღის გადატანა 2019 წლის ბოლომდე ან 2020 წლის დასაწყისისთვის შესაძლებელია.

გერმანიის კანცლერის თქმით, ტერეზა მეიმ პირობა დადო, რომ სანამ დიდი ბრიტანეთი ევროპული გაერთიანების წევრი იქნება, მასზე დაკისრებულ ყველა ვალდებულებას შეასრულებს.

ბრექსიტის საკითხის განსახილველად ახლა ტერეზა მეი პარიზს სტუმრობს, სადაც ემანუელ მაკრონთან შეხვედრას მართავს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ტერეზა მეის ინიციატივას ბრექსიტის თარიღის გადაწევასთან დაკავშირებით.

ხვალ ბრიუსელში ბრექსიტის საკითხთან დაკავშირებით საგანგებო სამიტი გაიმართება. შეხვედრის დროს ევროპული გაერთიანება ბრექსიტის თარიღის 30 ივნისამდე გადაწევის შესაძლებლობებზე იმსჯელებს და აღნიშნულ საკითხს კენჭს უყრის. იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის ერთი სახელმწიფო მაინც დიდი ბრიტანეთის გაერთიანებიდან გასვლის თარიღის გადაწევის წინააღმდეგი იქნება, ლონდონს ევროკავშირის დატოვება 2019 წლის 12 აპრილს შეთანხმების გარეშე მოუწევს.