ანგელა მერკელი - არავინაა დაინტერესებული რუსეთთან ცუდი ურთიერთობით, თუმცა კონფლიქტების არსებობისას ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას
არავინაა დაინტერესებული რუსეთთან ცუდი ურთიერთობით, თუმცა კონფლიქტების არსებობისას ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან ერთად ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„როდესაც უკრაინის მსგავსი მოვლენები ხდება, ამას თავის სახელი უნდა დაერქვას. ჩვენ რა თქმა უნდა განვიხილეთ უკრაინის თემა. აქ ჩვენ ერთობლივად, ძალიან ცხადად ვმუშაობთ რუსეთის არალეგიტიმური მოქმედებების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ანგელა მერკელმა.
გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ანტირუსული სანქციების ეფექტის შეფასაბაზე ბერლინი ვაშინგტონთან ერთად მუშაობს.
ანგელა მერკელს ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა აშშ-ის მიერ იმპორტის გადასახადის შესაძლო დაწესებაზე, რომელიც ალუმინსა და ფოლადს ეხება. გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ევროკავშირზე აშშ-ის იმპორტის გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელშია. ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიას აშშ-სთან ჭარბი სავაჭრო ბალანსი აქვს, რაც დონალდ ტრამპის შეშფოთებას იწვევს, თუმცა საკითხის დარეგულირებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.