ანგელა მერკელი აცხადებს, რომ უკრაინასთან ომი უფრო ადრე დაიწყებოდა, 2008 წელს რომ უკრაინის ნატო-ში შესვლა არ დაებლოკა
ანგელა მერკელი აცხადებს, რომ უკრაინასთან ომი უფრო ადრე დაიწყებოდა, 2008 წელს რომ კიევის ნატო-ში შესვლა არ დაებლოკა. ამის შესახებ მერკელმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
გერმანიის ყოფილი კანცლერის თქმით, სრულიად ნათელი იყო, რომ პრეზიდენტი პუტინი არ იქნებოდა უმოქმედოდ და არ უყურებდა უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებას. მერკელი გამოხატავს შეშფოთებას ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების განახლებული მუქარის გამო.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ბირთვული იარაღის გამოყენება. საბედნიეროდ, ცოტა ხნის წინ ჩინეთმაც ისაუბრა ამის შესახებ. ჩვენ არ უნდა ვიყოთ პარალიზებული შიშით, მაგრამ ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთი არის ყველაზე დიდი ან, აშშ-თან ერთად, მსოფლიოში ორი უდიდესი ბირთვული ძალიდან ერთ-ერთი. პოტენციალი საშიშია“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა.
მერკელის კანცლერობის დროს გერმანიამ ააშენა ორი გაზსადენი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთთან. მერკელმა „ბიბისის“ განუცხადა, რომ მას ორი მოტივი ჰქონდა მილსადენებთან დაკავშირებით: გერმანიის ბიზნესინტერესები და ასევე რუსეთთან მშვიდობიანი კავშირების შენარჩუნება. მერკელის თქმით, ცდილობდა, უკრაინაზე რუსული თავდასხმები შეეკავებინა დიპლომატიისა და მოლაპარაკებების გამოყენებით, რაც საბოლოოდ ჩაიშალა. ანგელა მერკელის განცხადებით, როდესაც მას კარგად ნაცნობი მსოფლიო ლიდერები რჩევისთვის ეხმიანებიან, სიხარულით პასუხობს, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ ძალაუფლება და აქტიური პოლიტიკა არ ენატრება.