ანგელა მერკელი აცხადებს, რომ საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების დროს გაითვალისწინეს პოლიტიკური მდგომარეობა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება
ანგელა მერკელი აცხადებს, რომ საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების დროს გაითვალისწინეს პოლიტიკური მდგომარეობა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება

გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების დროს გაითვალისწინეს არსებული პოლიტიკური მდგომარეობა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, წამების დაუშვებლობა, – ასე უპასუხა ანგელა მერკელმა სტუდენტის კითხვას, რა კრიტერიუმების გათვალისწინებით მიენიჭა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი და არის თუ არა გათვალისწინებული ტერიტორიული დავები, რომელიც რუსეთთან გაგვაჩნია.

„საქართველოში არის ვიზალიბერალიზაცია. ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა. უსაფრთხოების კონცეფციასთან ეს არ არის დაკავშირებული. ეს არის კლასიფიკაცია, როგორ ვაფასებთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, წამების დაუშვებლობა და ასე შემდეგ, სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ამ სტატუსის მინიჭება“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა ისაუბრა, რა პრინციპით ხდება თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვა და განაცხადა, რომ უსაფრთხო ქვეყნის შემთხვევაში, აღნიშნული საკითხის წარმოება შედარებით მოკლდება.

„თუ უსაფრთხო ქვეყანაა, ეს საკითხი ავტომატურად იხსნება. საქმის წარმოება შედარებით მოკლდება, უსაფრთხო ქვეყნის შემთხვევაში. არაუსაფრთხო ქვეყნის შემთხვევაში, ბუნებრივია, ამას თვეები და წლები სჭირდება. ეს გრძელდება, რადგან ამ პროცესს ემატება სამართალწარმოება. უსაფრთხო ქვეყნის შემთხვევაში კი სამართალწარმოება მცირდება, რათა ლეგალურად შეიძლებოდეს ამ ადამიანების დეპორტაცია და მათ არ ჰქონდეთ თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობა“, – განაცხადა მერკელმა.