ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანიაში აუცრელი მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვები დაწესდება
ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანიაში აუცრელი მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვები დაწესდება

ანგელა მერკელის თქმით, გერმანიაში აუცრელი მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების ფონზე გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

გერმანიის იმ რეგიონებში, სადაც ყოველ 100 000 მოსახლეზე სამზე მეტი ადამიანი იმყოფება საავადმყოფოებში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით, რესტორნებში, საკონცერტო დარბაზებსა და სხვა საჯარო სივრცეებში მხოლოდ ვაქცინირებულ მოქალაქეებს დაუშვებენ.

ახალი წესების მიხედვით, აუცრელი მოქალაქეები საჯარო სივრცეებში იმ შემთხვევაშიც ვერ მოხვდებიან, თუ კოვიდტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ.

მანამდე, გერმანიის ბუნდესტაგის ქვედა პალატამ ახალი კოვიდშეზღუდვების დაწესებას მხარი დაუჭირა. ახლა ამ გეგმას საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ უნდა უყაროს კენჭი. სოციალ დემოკრატების, ლიბერალებისა და მწვანეების მიერ წარდგენილი ინიციატივის მიხედვით, სამსახურში გამოცხადებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის გერმანიის მოქალაქეებს კოვიდპასპორტების წარდგენა მოუწევთ.

როგორც ცნობილია, ამჟამად გერმანიის რეგიონების უმეტესობაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რთულია და საავადმყოფოში მყოფი პაციენტების რიცხვი დღითიდღე იზრდება.

დატოვე კომენტარი