ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანიამ ავღანეთიდან 10 000 პირის სასწრაფო ევაკუაცია უნდა განახორციელოს
ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანიამ ავღანეთიდან 10 000 პირის სასწრაფო ევაკუაცია უნდა განახორციელოს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანიამ ავღანეთიდან 10 000 პირის სასწრაფო ევაკუაცია უნდა განახორციელოს.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ გერმანიის კანცლერმა პარტია „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ წევრებთან საუბრისას განაცხადა.

ევაკუაციას დაქვემდებარებულ პირებში 2 500 ადგილობრივი დამხმარე პერსონალი, ადამიანის უფლებათა დამცველები, იურისტები და ის პირები შედიან, რომელთა სიცოცხლე დარჩენის შემთხვევაში რისკის ქვეშა იქნება, რაც ჯამში დაახლოებით 10 000 ადამიანს შეადგენს.

გარდა ამისა, კანცლერის თქმით, ქვეყნის დატოვების მსურველთა მხარდასაჭერად, ბერლინმა ავღანეთის მეზობელ ქვეყნებთანაც უნდა ითანამშრომლოს.

გასულ დღეს გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავი გააგზავნა ავღანეთიდან გერმანიის მოქალაქეების, დიპლომატიური მისიის თანამშრომლებისა და ადგილობრივი დამხმარე პერსონალის ევაკუაციისთვის.

ანგელა მერკელის განცხადებას, პარტია „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ გენერალური მდივანი, პაველ ზიემიაკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 2015 წლის მსგავსი ღია საიმიგრაციო პოლიტიკით გერმანია ავღანეთში არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის.

2015 წელს გერმანიის მთავრობამ, თავშესაფრის მაძიებელი სირიელი ლტოლვილებისთვის საზღვრები გახსნა, რამაც საერთაშორისო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა, თუმცა გერმანიაში პარტიის პოზიციები მნიშვნელოვნად შეასუსტა.