ანექსირებული ყირიმის შესახებ გაერო-ს რეზოლუციას საქართველომაც დაუჭირა მხარი
ანექსირებული ყირიმის შესახებ გაერო-ს რეზოლუციას საქართველომაც დაუჭირა მხარი

გაერო-ს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტმა ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ში უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ ელჩენკო ავრცელებს.

რეზოლუციას 67-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის არის საქართველო. 26-მა ქვეყანამ დოკუმენტის წინააღმდეგ მისცა ხმა, 82-მა კი თავი შეიკავა.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ყირიმში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, არის სომხეთი, ბელარუსი, სერბეთი, კუბა, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია, ირანი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვები.

როგორც გაერო-ში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, საქართველო გაერო-ს მესამე კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუციის თანასპონსორი იყო.

დოკუმენტი გმობს ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების დარღვევასა და რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის ოკუპაციას. ამასთან, დოკუმენტში საუბარია რუსეთში მყოფ უკრაინელ პოლიტპატიმრებზე, მათ შორის რეჟისორ ოლეგ სენცოვზე.