ანდროს თაუნსენდი - ფეხბურთის ასოციაციის სასჯელმა ადამიანთა რიგებში დამაბრუნა
ანდროს თაუნსენდი - ფეხბურთის ასოციაციის სასჯელმა ადამიანთა რიგებში დამაბრუნა

„კრისტალ პალასის“ შემტევი ანდროს თაუნსენდი აცხადებს, რომ ერთ ღამეში 46 000 ფუნტი სტერლინგი აქვს წაგებული და ბოლომდე რომ არ ჩაეფლო აზარტულ თამაშებში, ეს ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოტანილი სასჯელის დამსახურებაა.

28 წლის თაუნსენდი ამბობს, რომ ბუნებით აზარტული პიროვნებაა, რასაც „ტოტენჰემში“ გატარებული არასტაბილური პერიოდი დაემატა და ეს ყველაფერი აზარტული თამაშებისკენ სულ უფრო და უფრო ძლიერად უბიძგებდა.

2013 წელს, ტოტალიზატორებთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის, თაუნსენდი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ 18 000 ფუნტი სტერლინგით დააჯარიმა.

„ამან რეალობაში დამაბრუნა და გადამარჩინა, როგორც ადამიანი“, – ამბობს თაუნსენდი. – „მე ამას ვამბობ იმ ადამიანებისთვის, ვისაც მსგავსი სიტუაცია ჰქონია და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ებრძვის“.

ანდროს თაუნსენდმა საფეხბურთო კარიერა ლონდონის „ტოტენჰემში“ 2009 წელს დაიწყო და 50 მატჩი ჩაატარა, თუმცა შემდეგი შვიდი წლის განმავლობაში იჯარით ცხრა სხვადასხვა გუნდში ითამაშა. 2016 წელს ის „ნიუკასლმა“ შეიძინა და იმავე წელს „კრისტალ პალასში“ გაასხვისა, სადაც თაუნსენდი დღემდე თამაშობს.

ბოლო სამი წლის მანძილზე მან „პალასის“ შემადგენლობაში 123 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.