ანდრო გიორგაძე - ასეთი პირობები თავიდანვე რომ გვქონოდა, „სამტრედია“ ხუთეულისთვის იბრძოლებდა #1TVSPORT
„სამტრედიას“ ცენტრალურმა მცველმა, ანდრო გიორგაძემ კომენტარი სეზონის განახლებასა და გუნდის მდგომარეობაზე გააკეთა.
„თურქეთში ძალიან ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა. სეზონის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე შევიკრიბეთ და პირველი ნაწილი რთულად ამიტომაც ჩავატარეთ. ორკვირიანი თურქული შეკრების შემდეგ, ყველანიარად მზად ვართ. პირადად მეც კარგ ფორმაში ვარ“, – ამბობს ანდრო გიორგაძე.
გიორგაძის თქმით, გუნდი მეორე ნახევარს გაძლიერებული შემადგენლობით იწყებს:
„რა თქმა უნდა, გავძლიერდით – გამოცდილი ფეხბურთელები დავიმატეთ. ასეთი შემადგენლობით რომ ვყოფილიყავით და სადმე საზღვარგარეთ მოვმზადებულიყავით, ასეთი შედეგი არ გვქნებოდა და მინიმუმ ხუთეულისთვის ვიბრძოლებდით. რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, არანაირად არ ვფიქრობ, რომ გასავარდნი გუნდი ვართ. არა მხოლოდ დარჩენისთვის ვიბრძოლებთ, დარწმუნებული ვარ, უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ“.
გიორგაძემ ბათუმის „დინამოსთან“ ეროვნული ლიგის მოახლოებულ შეხვედრაზეც ილაპარაკა:
„მატჩი გვანახებს, რა შანსები გვაქვს. ახლა ამის შეფასება არ შემიძლია, თანაბარია თუ არა შანსები. ჩვენ მოსაგებად ყველაფერს მაქსიმალურად გავაკეთებთ, მოედანზე გავალთ და სასურველი შედეგის მიღწევას შევეცდებით“.