ანდრიუს კუბილიუსი - უნდა მოვუწოდოთ საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას, შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე
ანდრიუს კუბილიუსი - უნდა მოვუწოდოთ საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას, შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე

საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენები გვაიძულებს, ვიყოთ ძალიან შეშფოთებულები ამ ქვეყნაში დემოკრატიის მომავლის გამო, – ამის შესახებ „ევრონესტის“ თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

„ყველამ იცის, თუ რატომ ვიბრძვით უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისთვის. თუმცა, არავინ იქნება ამ ქვეყნების ევროინტეგრაციისთვის უფრო ძლიერი მებრძოლი, ვიდრე თავად ამ ქვეყნების ხელისუფლებები. დღეს მე მსურს ძირითადად ვისაუბრო საქართველოზე და არა მოლდოვაზე, რომლის პრემიერ-მინისტრმა პირველი ვიზიტით მოსკოვში ჩასვლა გადაწყვიტა. საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენები გვაიძულებს, ვიყოთ ძალიან შეშფოთებულები ამ ქვეყნაში დემოკრატიის მომავლის გამო. ნათელია, რომ თუ არ არის დემოკრატია – არ არის ინტეგრაცია. თქვენ იცით, რომ საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერმა გადაწყვიტა, არ შეასრულოს საქართველოს მოქალაქეებისა და ოპოზიციისთვის მიცემული დაპირება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ეს დაპირება მან გასულ ზაფხულს პროტესტის წინა ტალღის მონაწილეთა დასარწმუნებლად გასცა“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

მისი თქმით, ახლა ქართველი ხალხის ნდობა პარლამენტისა და ქართული დემოკრატიისადმი დაკარგულია.

„აშკარაა, რომ მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, არ შეასრულოს დანაპირები, რადგან ისინი ალბათ შიშობენ, რომ წააგებენ პროპორციულ არჩევნებს მომავალ წელს. რა დასკვნა შეგვიძლია, გამოვიტანოთ მმართველი პარტიის ასეთი გადაწყვეტილებიდან? შესაძლოა, ეს ნიშნავს, რომ მმართველი პარტია გეგმავს, გამოიყენოს ძველი ადმინისტრაციული ხერხი არჩევნების მოსაგებად. სწორედ ამიტომ, ეს დებატები არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მოვუწოდოთ საქართველოს მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას და ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ოპოზიციასთან რეალურ და ნდობაზე დაფუძნებულ დიალოგს. ჩვენ ასევე უნდა მოვუწოდოთ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას, შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, რადგან ხალხი არ ენდობა ძველ სისტემას“, – აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა.

მისი თქმით, ე.წ. გერმანული სისტემა შესაძლოა, იყოს შეთანხმების საფუძველი, რადგან ის არ ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებას.

„და ბოლოს, ევროპარლამენტმა დაჟინებით უნდა მოუწოდოს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს, შეასრულონ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციები საარჩევნო ადმინისტრირების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რათა შეწყდეს არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს და ზოგჯერ ღიად, მკაცრად და კრიტიკულად ვესაუბროთ მას“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.