ანდრიუს კუბილიუსმა უკრაინის თავდაცვის მინისტრის გადადგომას მოულოდნელობა უწოდა – „ევროკავშირში აუცილებლად გაჩნდება კითხვა, რატომ იცვლება ასეთი ადამიანი?“
თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა გადადგომის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრ მიხაილო ფედოროვის განცხადებას მოულოდნელი უწოდა.
ამის შესახებ კუბილიუსმა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ ფედოროვი, შესაძლოა, გადამდგარიყო, კუბილიუსმა უპასუხა: „ეს ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო“.
მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, ვინ იქნება უკრაინაში თავდაცვის მიმართულებაზე პასუხისმგებელი და რა ბედი ეწევა თავდაცვის მინისტრის თანამდებობას.
„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით და დღემდე ვთანამშრომლობთ მიხაილო ფედოროვთან, მანამდეც და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტრო ჩაიბარა. ამ პერიოდში მართლაც ბევრი მნიშვნელოვანი შედეგი იყო მიღწეული“, – განაცხადა კუბილიუსმა.
ფედოროვის გადადგომის კონტექსტში კუბილიუსმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირში აუცილებლად გაჩნდება კითხვა, რატომ იცვლება ასეთი ადამიანი?
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ის, რაც უკვე დავიწყეთ, განსაკუთრებით უკრაინის დაფინანსების მიმართულებით. 60 მილიარდი ევრო უზარმაზარი თანხაა. მე, მიხაილო ფედოროვმა და სერგეი ბოევმა ძალიან ეფექტურად ვითანამშრომლეთ. უკვე დამტკიცებულია შეიარაღების პირველი სია და ევროპული დაფინანსების გამოყენების პირველი გრაფიკი, რომელიც დრონების წარმოებას ეხება. როგორც უკრაინის, ისე ევროკავშირის მხრიდან ყველა შეთანხმება და პროცედურა ეფექტიანად მუშაობს და პირველი თანხებიც უკვე ჩაირიცხა“, – თქვა ევროკომისარმა.
კუბილიუსმა ასევე დააანონსა, რომ მიმდინარე კვირაში უკრაინა მორიგ ფინანსურ ტრანშს მიიღებს, რომელიც შესაძლოა, მოხმარდეს რაკეტების, გამანადგურებელი თვითმფრინავებისა და სხვა მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვას.
„ასევე არსებობს სამომავლო გეგმები ანტიბალისტიკური სისტემის, „ფრეიას“ და უკრაინაში საკუთარი ბალისტიკური სისტემის წარმოების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს გეგმა განხორციელდეს“, – თქვა კუბილიუსმა.
ამასთან, კუბილიუსმა იუსაუბრა უკრაინის პრემიერის, იულია სვირიდენკოს გადაგომის შესახებაც და აღნიშნა, რომ „ეს ამბავი ვარშავიდან ხელმისკენ მიმავალ გზაზე შეიტყო“.
„ზოგჯერ მთავრობაში ცვლილებები მართლაც აუცილებელია. კიევში ჩვენი თანამოსაუბრეებისგან მოვისმინეთ, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი ამ თანამდებობისთვის შესაფერისი კანდიდატია“, – განაცხადა კუბილიუსმა.
შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამთავრობო ცვლილებები დააანონსა. 14 ივლისს უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას, რაც უკრაინის მთავრობის გადადგომას ნიშნავს. უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სერგეი კორეცკის კანდიდატურა წარუდგინა.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა სოციალურ ქსელში გადადგომის შესახებ ინფორმაცია 16 ივლისს დაადასტურა და თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი შეაჯამა.