ანდრიუს კუბილიუსი - საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარება შეუძლია
ანდრიუს კუბილიუსი - საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარება შეუძლია

საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ შესწევს ძალა, ჩააბაროს ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა, – აღნიშნული განცხადება „მოამბესთან“ ინტერვიუში ლიეტუველმა ევროდეპუტატმა, ანდრიუს კუბილიუსმა გააკეთა.

კითხვაზე, როგორ აფასებს გუშინ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლასთან დაკავშირებით ცვლილებებზე კენჭისყრის შედეგებს, კუბილიუსი ამბობს, რომ მოვლენები წარუმატებელი სცენარით განვითარდა და აუცილებელია, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ, რათა დაპირება შესრულდეს.

„მოვლენები წარუმატებელი სცენარით განვითარდა. სამწუხაროა, რომ მმართველი პარტიის წევრების ნაწილმა და ლიდერებმა გადაწყვიტეს, არ შეესრულებინათ ქართველი ხალხისთვის ზაფხულში მიცემული პირობა. ეს აჩვენებს, რომ არსებობს სახიფათო მოვლენების განვითარების შესაძლებლობა, რისი თავიდან აცილებაც ძალიან კარგი იქნებოდა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ოპოზიციის, რომელიც დადებული პირობის შესრულებას ითხოვს. ჩემი სურვილიც და შეთავაზებაც ასეთია – ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და მოიძებნოს გამოსავალი, რათა ზაფხულში დადებული პირობა შესრულდეს. საქართველოში აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამჭვირვალე არჩევნები, რომლის შედეგებსაც მოქალაქეები სანდოდ და დემოკრატიულად მიიჩნევენ და რომელიც გაამართლებს ევროპის მოლოდინებს. საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ, რომ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმები. ეს არის კრიტერიუმი, რომელიც ითხოვს დემოკრატიას, გამჭვირვალობას, ადამიანების უფლებების დაცვასა და ა.შ. ასე რომ, ახლა საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ მას შესწევს ძალა, ჩააბაროს ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

ანდრიუს კუბილიუსი ლიეტუველი ევროდეპუტატი და „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეა. კუბილიუსი 12 ნოემბერს გამოვიდა ინიციატივით, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამა, რომლის ერთ-ერთი წევრიც არის საქართველო, განვითარდეს. მისი შეთავაზებაა, შეიქმნას ე.წ. ტრიოს პროცესი, რომელიც პროგრამის წევრ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას გაუხსნის.

ლიეტუველ დეპუტატთან ინტერვიუს სრული ვერსიის მოსმენა შესაძლებელი იქნება კვირას, 17 ნოემბერს, საქართველოს რადიოს ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემა „მსოფლიოს ამბებში“.