ანდრიუს კუბილიუსი – ომის შემთხვევაში ევროპას, შესაძლოა, საწვავის დეფიციტი შეექმნას

18:22, 28.10.2026

თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ევროპა მზად უნდა იყოს სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ენერგორესურსების წარმოების მკვეთრად გასაზრდელად, რათა შეიარაღებული ძალების საწვავით მომარაგება უზრუნველყოს.

კუბილიუსის თქმით, მშვიდობიან პერიოდში სამხედრო საჭიროებებისთვის საწვავის მოხმარება საერთო საწარმოო სიმძლავრის დაახლოებით 8%-ს შეადგენს, თუმცა შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში მოთხოვნა, შესაძლოა, მკვეთრად გაიზარდოს.

„ნატო-ს ძალების მოდელის მიხედვით, სამხედრო კრიზისის პირველ 10 დღეში ალიანსს 100 ათასი სამხედრო მოსამსახურის გადაადგილება და მათი უზრუნველყოფა მოუწევს“, – თქვა კუბილიუსმა.

ევროკომისარმა ვერ დააკონკრეტა, არსებული საწვავის მარაგებით რამდენ ხანს შეძლებს ევროპა შესაძლო აგრესორისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რადგან შესაბამისი მონაცემები გასაიდუმლოებულია.

კუბილიუსმა ეს განცხადება  ევროპაში ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების საკითხზე ევროკომისიის მიერ გამართული დიალოგის შემდეგ გააკეთა.

ამ შეხვედრის გამართვის ინიციატორი ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იყო. განხილვაში მონაწილეობდნენ ნატო-სა და ენერგეტიკული ინდუსტრიის წარმომადგენლები.

,,ევრონიუსის“ მიხედვით, გლობალურმა კონფლიქტებმა, მათ შორის ირანში მიმდინარე ომმა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ ევროპისთვის ხელმისაწვდომ ფასად ენერგორესურსების საიმედო მიწოდების უზრუნველყოფა კიდევ უფრო გაართულა.

ევროკავშირის ენერგეტიკის საკითხებში კომისარმა, დან იორგენსენმა განაცხადა, რომ ევროპა კვლავაც განაგრძობს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებას და აღნიშნული მიზნის მიღწევისკენ სვლას. თუმცა, მისივე თქმით, ამჟამად აუცილებელია ტრადიციული ენერგორესურსების საკმარისი მოცულობით მიწოდების უზრუნველყოფა.

„დიზელი და საავიაციო საწვავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტრანსპორტისთვის, მთლიანად ეკონომიკისა და ჩვენი თავდაცვისთვის“, – განაცხადა იორგენსენმა.

ნატო-ს წარმომადგენელმა „ევრონიუსს“ განუცხადა, რომ კრიზისისა და სამხედრო კონფლიქტის დროს ევროპის საწვავის საწარმოო სიმძლავრეებმა როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო საჭიროებების დაკმაყოფილება უნდა უზრუნველყოს. ამ მიზნით ივლისში ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა დაამტკიცეს საწვავის მიწოდების ჯაჭვის შესაძლებლობების განვითარების პროგრამა, რომლის ღირებულება 27 მილიარდ ევროს შეადგენს. პროგრამის მიზანია ნატო-ს საწვავის შენახვისა და განაწილების არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მილსადენებს ალიანსის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, ასევე საწვავით მომარაგებისთვის აუცილებელი სხვა შესაძლებლობების განვითარებას.

როგორც ნატო-ს წარმომადგენელმა განმარტა, ამ ზომების მიზანი ალიანსის საბრძოლო მოქმედებებისთვის მზადყოფნის უზრუნველყოფაა.

მსგავსი