ანდრიუს კუბილიუსი - მტკიცედ მწამს, რომ ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, საქართველოს აუცილებლად ვიხილავთ ევროკავშირის წევრად
ანდრიუს კუბილიუსი - მტკიცედ მწამს, რომ ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, საქართველოს აუცილებლად ვიხილავთ ევროკავშირის წევრად

ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრიუს კუბილიუს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის განვითარებისთვის ახალი სტრატეგია წარადგინა. ე.წ. ტრიოს სტრატეგია 2030 საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ეხება. ამ სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია, ამოქმედდეს კონკრეტული მექანიზმები, რომ ამ სამ სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა გაუჩნდეს.

ჩვენ ვესაუბრეთ ლიეტუვის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ანდრიუს კუბილიუსს, რომელსაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებზეც ვკითხეთ.

რა არის თქვენი ინიციატივის მთავარი მიზანი და ამოცანა, ხომ არ ნიშნავს ეს წინადადება იმას, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა სტაგნაციას განიცდის და ახალი ფორმატებია საჭირო?

აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. 10 წლის განმავლობაში მიღწეულია ისეთი შედეგები, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. აღსანიშნავია საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მიერ მიღწეული პროგრესი. ახლა საჭიროა დაფიქრება ახალ პოლიტიკურ ინსტრუმენტებზე, რომლებიც მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაგვჭირდება, რათა ამ სამ ქვეყანას წინსვლაში დავეხმაროთ. ჩნდება კითხვა – როგორი არქიტექტურა უნდა შეიმუშაოს ევროკავშირმა? ჩვენი შეთავაზებაა – ე.წ. ტრიოს სტრატეგია 2030. ეს აუცილებელია, რათა მოხდეს დიფერენციაცია და გვქონდეს ახალი ინსტრუმენტები. ჩვენ გვინდა დავეყრდნოთ დასავლეთ ბალკანეთის მაგალითს. ვგულისხმობ ე.წ. ბერლინის პროცესს, რაც ითვალისწინებს ევროკავშირის შიგნით, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ქვეყნების კოალიციის ჩამოყალიბებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. აქვე შემიძლია გავიმეორო ის, რაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა თქვა: ევროკავშირს უნდა შეეძლოს მეზობელ სახელმწიფოებში სტაბილურობის ექსპორტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ევროკავშირი არასტაბილურობის ექსპორტიორად იქცევა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ბოლო პერიოდში საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენების გამო, ამიტომ ევროკავშირს შეუძლია იყოს უფრო აქტიური და დაეხმაროს თქვენს ქვეყნებს გამჭვირვალე, ძლიერი ეკონომიკის მქონე, ევროპულ დემოკრატიებად გარდაიქმნან. ეს მოუტანს სტაბილურობას თქვენს ქვეყნებს და ასევე მთელ ევროპას.

თქვენ ახსენეთ კონკრეტული ინსტრუმენტები. რა მექანიზმების ამუშავება შეუძლია ევროკავშირს თქვენი სტრატეგიის ფარგლებში და რას შეიძლება ელოდოს საქართველო?

პირველ რიგში, საქართველომ თავად უნდა იმოქმედოს, ის უნდა დარჩეს დემოკრატიულ და გამჭვირვალე სახელმწიფოდ, სადაც კანონის უზენაესობა დაცულია. საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პროგრესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა რეფორმებია. ევროკავშირს შეუძლია, ხელი შეუწყოს ამ რეფორმებს და საქართველოს მათ გატარებაში დაეხმაროს, თუმცა ევროკავშირი თქვენს ნაცვლად რეფორმებს ვერ ჩაატარებს. რაც შეეხება ინსტრუმენტებს, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია, ასეთ ინსტრუმენტებს ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთში უკვე იყენებს. ეს არის ძალიან კონკრეტული პროგრამა, რომელიც მიმართულია ურთიერთკავშირების გაძლიერებაზე, ასევე სხვადასხვა საინვესტიციო პლატფორმები და ა.შ. პრაქტიკული ინსტრუმენტები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. უმთავრესი, რაზეც ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას, არის ევროკავშირის პოლიტიკის და პოლიტიკური ქცევის მოდერნიზაცია. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ინიციატივა.

თქვენ თავად ახსენეთ ე.წ. ბერლინის პროცესი, რომელიც მუშაობს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში და ე.წ. ტრიოს სტრატეგიაც სწორედ ამ პროცესს შეადარეთ. ვიცით, რომ ბერლინის პროცესის ამოცანა არის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მომზადება ევროკავშირის წევრობისთვის, ანუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ე.წ. ტრიოს სტრატეგიის წარმატების შემთხვევაში, საქართველო შეძლებს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას?

ეს არის ჩვენი ოცნება, იმედი და სურვილი. ამ შემთხვევაში მე შემიძლია ეს განცხადება მხოლოდ ჩემი სახელით გავაკეთო. სამწუხაროდ, დღეს ევროკავშირი არ არის მზად, ღიად ისაუბროს საქართველოს წევრობის პერსპექტივაზე. თუმცა, ის ნაბიჯები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რეალურად დააახლოებს საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირში ინტეგრაციასთან. ამასთან, მე პირადად მაინც მტკიცედ მწამს, რომ ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, აუცილებლად ვიხილავთ  საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის სრულფასოვან წევრებად.

რა იქნება შემდეგი ნაბიჯი ე.წ. ტრიოს სტრატეგიის ამოქმედების გზაზე?

ახლა იწყება ამ ინიციატივაზე დისკუსიისა და მსჯელობის პერიოდი. ვცდილობთ, რომ ფართო დისკუსია შედგეს. დავაფუძნეთ სპეციალური ფორუმი ევროპარლამენტში. ეს წარმატებული ინიციატივა იყო, რომელიც გასულ კვირას წამოვიწყეთ. ამ ფორუმს ესწრებოდნენ ევროპარლამენტარები და ექსპერტები. ე.წ. ტრიოს სტრატეგიაში გაწერილი დებულებების შემცველი რეზოლუცია განსახილველად წარვადგინეთ „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე. ეს კონგრესი მომავალ კვირას ხორვატიაში არის დაგეგმილი. იმედი მაქვს, რომ ე.წ. ტრიოს სტრატეგიაში გაწერილი ინიციატივები იქცევა „ევროპის სახალხო პარტიის“ ოფიციალურ პოლიტიკად. მოგეხსენებათ, რომ ევროპის სახალხო პარტია არის ყველაზე დიდი პარტია ევროპასა და ევროპარლამენტში. შემდეგ, დეკემბრის დასაწყისში თბილისში „ევრონესტის“ სესია ჩატარდება. ასევე ვაპირებთ მასშტაბური ღონისძიებების გამართვას, როგორც ბრიუსელში, ასევე ევროპის სხვა დედაქალაქებში, რათა წინ წავწიოთ ეს იდეები. ჩვენი სამიზნე არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელიც 2020 წლის ივნისში, სავარაუდოდ, ბრიუსელში გაიმართება. იმედი გვაქვს, რომ სწორედ ამ სამიტზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება და ჩვენს სტრატეგიაში გაწერილი იდეები ევროკავშირის ოფიციალური პოლიტიკის ნაწილი გახდება.

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტში მოუსმინეს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს, ბატონ ოლივერ ვარჰეის. თქვენს ინიციატივას თუ უჭერს ის მხარს და ზოგადად, რა მოსაზრება აქვს მას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მომავალზე? 

მე მქონდა საშუალება დამესვა კანდიდატისთვის კითხვები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ და ცხადი გახდა, რომ ის კარგად ერკვევა და ჩართულია ამ რეგიონში მიმდინარე პროცესებში. დღეს ევროკომისიის ყურადღება უფრო მეტად მიპყრობილია დასავლეთ ბალკანეთისკენ, რაც, ჩემი აზრით, ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ვერ მოხერხდა, მაგრამ მე გავიხსენებდი ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე წარდგენილი ბორელის გამოსვლას, რომელმაც დაახლოებით ის თქვა, რაზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ. მან თქვა, რომ აუცილებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში წარმატებული სახელმწიფოების სარტყელი შეიკრას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას წარმატება სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამ ქვეყნების წარმატება ხელს შეუწყობს რუსეთის ევროპული ყაიდის დემოკრატიად გარდაქმნას. ბორელი ასევე აცხადებს, რომ ევროკავშირს თუ სურს მნიშვნელოვან სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ იქცეს, მაშინ ის უნდა იყოს ეფექტური, განსაკუთრებით სამეზობლოში. ვფიქრობ, რომ ევროკომისიის ახალი შემადგენლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის განვითარებისთვის უფრო აქტიურად იმუშავებს.

და ჩემი ბოლო კითხვა შეეხება საქართველოს პარლამენტში მიღებულ გადაწყვეტილებას. როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს, როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას?

მოვლენები წარუმატებელი სცენარით განვითარდა. სამწუხაროა, რომ მმართველი პარტიის წევრების ნაწილმა და ლიდერებმა გადაწყვიტეს, არ შეესრულებინათ ქართველი ხალხისთვის ზაფხულში მიცემული პირობა. ეს აჩვენებს, რომ არსებობს სახიფათო მოვლენების განვითარების შესაძლებლობა, რისი თავიდან აცილებაც ძალიან კარგი იქნებოდა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ოპოზიციის, რომელიც დადებული პირობის შესრულებას ითხოვს. ჩემი სურვილიც და შეთავაზებაც ასეთია – ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და მოიძებნოს გამოსავალი, რათა ზაფხულში დადებული პირობა შესრულდეს. საქართველოში აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამჭვირვალე არჩევნები, რომლის შედეგებსაც მოქალაქეები სანდოდ და დემოკრატიულად მიიჩნევენ და რომელიც გაამართლებს ევროპის მოლოდინებს. საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ, რომ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმები. ეს არის კრიტერიუმი, რომელიც ითხოვს დემოკრატიას, გამჭვირვალობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და ა.შ. ასე რომ, ახლა საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ მას შესწევს ძალა, ჩააბაროს ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა.